ნოდარ ხადური მიიჩნევს, ლარის გაუფასურებაზე კითხვები მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება

ნოდარ ხადური მიიჩნევს, ლარის გაუფასურებაზე კითხვები მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მტკიცებით, ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით შეკითხვები მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება. 

ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა. 

"მე ერთი შემიძლია გითხრათ, ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს მე ვერ გავცდები. გაცვლით კურსზე ბიუჯეტის ზეგავლენა არის ნულის ტოლი", - განაცხადა ხადურმა. 

კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს, რომ იხსნის პასუხიმგებლობას ლარის კურსის რყევებზე, ხადურმა ჟურნალისტებს ურჩია, კანონმდებლობა წაიკითხონ. ამასთან, ხადური არ აკონკრეტებს, ფიქრობს თუ არა, რომ ეროვნულმა ბანკმა დაუშვა შეცდომა. 

"ფინანსთა მინისტრს არ აქვს კომპეტენცია, შეაფასოს სხვა უწყებების საქმიანობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა და საკითხზე დამატებითი კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.