მოქალაქე ციცინო ხარაბაძე თავის დაწვით იმუქრება. როგორც ხარაბაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კერძო მევახშეებმა უსამართლოდ წაართვეს ქონება, სახლკარის გარეშე დატოვეს და ის ამ ქონების დაბრუნებას მოითხოვს. მისი თქმით, მთავრობისგან არაერთი დაპირება მიიღო, როდესაც თავის დაწვა სცადა, თუმცა ეს დაპირება დღემდე არ შეუსრულებიათ.
"ერთხელ უკვე გადავისხი ბენზინი და ვცადე თავის დაწვა, თუმცა, სამწუხაროდ, გადავრჩი. იგივეს ვიზამ 15 იანვარს, ჩემი შვილის დაბადების დღის მეორე დღეს, თუ მთავრობა, პროკურატურა და ყველა შესაბამისი უწყება არ დასჯის მევახშეებს და არ დამიბრუნებენ ქონებას, რომელიც უსამართლოდ წამართვეს. სამთვიანი ხელშეკრულების გამო ორწელიწადნახევარი ვიხდიდი თანხას, თუმცა სად წავიდა ეს გადახდილი თანხა, კაცმა არ იცის. ამ მევახშეებმა გაამწარეს ნახევარი თბილისი და დატოვეს უსახლკაროდ", - განაცხადა ციცინო ხარაბაძემ.
ციცინო ხარაბაძე ამ წუთებში სასტუმრო "ძველ თბილისთან" ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის საწინააღმდეგო აქციას ესწრება. აქცია "თავისუფალი ზონის" ორგანიზებით იმართება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ელოდებიან ხადურის ღონისძიების დასრულებას, რათა შეხვდნენ და დაუსვან კითხვები იმ მწვავე პრობლემების შესახებ, რომელიც უკავშირდება ლარის გაუფასურებას, საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას, უმუშევრობას, მძიმე სოციალურ პირობებს, დაპირებულ და არგაზრდილ პენსიას და სხვა პრობლემებს.