სასტუმრო "ძველ თბილისთან", სადაც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა "ღია მმართველობის" ფარგლებში საზოგადოებას თავისი საქმიანობის ანგარიში უნდა წარუდგინოს, "თავისუფალი ზონის" აქცია იმართება.
აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატები წარწერებით: "ვინ აგებს პასუხს ფასების ზრდაზე", "პენსია პრემიების ნაცვლად", "ჩოი ლარი" და ასე შემდეგ.
აქციის მონაწილეების პრეტენზია ფინანსთა მინისტრთან დაკავშირებულია ფასების ზრდასთან და ლარის გაუფასურებასთან.
"ნაცვლად იმისა, რომ ნოდარ ხადური შეხვდეს გაჭირვებულ ხალხს, ესაუბროს და მათ კითხვებზე პასუხი გასცეს თუ რატომ არ მოგვარდა იპოთეკარების პრობლემა, რატომ ხდება ლარის ინფლაცია, რატომ არ მოხდა პენსიების ზრდა, როგორც "ქართული ოცნება" დაპირდა ხალხს, იგი მართავს რაღაც შეხვედრებს. ჩვენ კი მისგან ამ კითხვებზე პასუხს ველოდებით, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელმა ვანო მაღალაშვილმა.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, ნოდარ ხადური სასტუმრო "ძველ თბილისში" არა ცენტრალური, არამედ სხვა შესასვლელიდან შევიდა და აქციის მონაწილეებს არ შეხვდა.