ალექსანდრე კვიტაშვილს ვუსურვებ, იქნებ უკრაინაში მაინც მოახერხოს თავისი იდეების რეალიზება, ვინაიდან საქართველოში მინისტრობის დროს ამ დარგს მაინც და მაინც სიკეთე არ დატყობია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
მისივე შეფასებით, ნატურალიზაციის გზით მინისტრების შერჩევა უკრაინის მხრიდან გამოცდილების გაზიარების "უცნაური ხერხია".
"უცხო ქვეყნებიდან მინისტრების მოწვევის პრაქტიკა მაინც და მაინც გავრცელებული არ არის. ჩვენ ვიცით, რომ არის გამოცდილების გაზიარების და მიღების სხვა ხერხები, მათ შორის საქართველოც ძალიან ხშირად მიმართავს ამ ხერხს და ბევრი უცხოელი კონსულტანტი ყოფილა და დღესაც არის საქართველოში. ნატურალიზაციის გზით მინისტრების გამოძებნა, ცოტა არ იყოს უცნაური ხერხია. მე ვიცი ნატურალიზაციის გზით კალათბურთის ეროვნულ გუნდში მიიწვიო ადამიანი და მოქალაქეობა მიანიჭო. რაც შეეხება ქვეყნის მართვას, მას გარდა კომპეტენციისა და უნარ-ჩვევევისა, რაც არ უნდა მაღალი იყოს ამა თუ იმ პირის უნარ-ჩვევა, კიდევ სხვა რამ სჭირდება. ამიტომ საინტერესო და რისკიანი ექსპერიმენტია, რასაც ჩვენი კოლეგა უკრაინელები ატარებენ, მაგრამ მე მათ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. თუ კვიტაშვილი დაინიშნება ჯანდაცვის მინისტრად, უკრაინელებს ვუსურვებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ნახონ გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემაში. თვითონ ბატონ კვიტაშვილს ვუსურვებ, რომ უკრაინაში მაინც მოახერხოს თავისი იდეების რეალიზება, ვინაიდან საქართველოში მინისტრობის დროს ამ დარგს მაინც და მაინც სიკეთე არ დატყობია", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობებს არ დაიკავებენ საქართველოს ის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა მიმართაც სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
"დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც გაართულებს მის ურთიერთობას ევროპასთან, საქართველოსთან და სხვა კეთილგანწყობილ სახელმწიფოებთან. დარწმუნებული ვარ, რომ არ ვიხილავთ ისეთ ადამიანებს, რომლებზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებიც გამოძიების პროცესში არიან, იძებნებიან და ა.შ. ასეთი ჟესტი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ იქნება. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდნენ, ის ადამიანები აგრძელებენ თავიანთ ცხოვრებას და შეიძლება ზოგიერთი მათგანი უცხოეთში აღმოჩნდეს რაიმე თანამდებობაზე, ზოგიერთმა კი ბიზნესს მოჰკიდოს ხელი. ასე ერთი ხელის მოსმით ყველას კრიმინალად შერაცხვა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და არც არავინ აკეთებს ამას", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.