პოლიტიკურმა პარტიამ „მემარცხენე ალიანსი“ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა კახა ძაგანიამ და სოსო შატბერაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადეს.
„დღეს, საქართველოს წინააღმდეგ, ყველაზე აქტიურად და საკმაოდ ეფექტურადაც ევროკავშირში გაწევრიანების თემა გამოიყენება. ჩვენი ქვეყანა სწორედ ახლა იმკის იმ მიუტევებელი შეცდომის მძიმე შედეგებს, რაც კონსტიტუციაში „ევროინტეგრაციის“ ჩაწერა იყო. ჩვენ მაშინაც ვაფრთხილებდით მმართველ გუნდს, რომ ამ ჩანაწერის გაკეთება დიდი ხაფანგი იყო საქართველოსთვის, რაც უკვე მოცემულობაა. კანდიდატის სტატუსი, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, მოლაპარაკებების გახსნა - შანტაჟის ეს ბერკეტები საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე ეფექტურად მუშაობს, რაც შედეგია იმ ზღვარგადასული პროპაგანდის, რომელიც ჩვენ მოსახლეობას თავს მოახვიეს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით და დააჯერეს ხალხი, რომ არ არსებობს სხვა გზა საქართველოსთვის, გარდა „ევროკავშირისა“, რომ ეს არის იდეალური გაერთიანება და უსაფრთხოების გარანტი... „მემარცხენე ალიანსის“ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების მთავარი მიზეზი და მიზანი სწორედ ამ ტყუილი პროპაგანდის განეიტრალება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გამოფხიზლებაა“-განაცხადეს პარტიის წევრებმა.