ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი არ აპირებს აღიაროს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ამის შესახებ ალიანსის ხელმძღვანელმა ნატოს საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსი არ აპირებს აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატო და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობის გაღრმავებას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება "ახალი საწვრთნელი ცენტრი ქართული არმიისთვის, რომელშიც ნატოს ინსტრუქტორები იქნებიან".
ალიანსისი გენმდივნის თქმით, საქართველოსთან ალიანსის თანამშრომლობა არ არის მიმართული მესამე ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ და არც ერთ ნატოს წევრ სახელმწიფოს ამ საკითხზე ვეტოს დადების უფლება არ გააჩნია.
სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს გარდა, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, კიდევ ორ სახელმწიფოსთან - მოლდოვასა და იორდანიასთან გააღრმავონ თანამშრომლობა.