სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი მეთოდოლოგიით გარკვეული ოჯახები დახმარების მიღმა დარჩება

სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი მეთოდოლოგიით გარკვეული ოჯახები დახმარების მიღმა დარჩება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, სოციალურად დაუცველი პირების შეფასების ახალი მეთოდოლოგიით სოციალურად დაუცველთა ბაზები შემცირდება და შესაბამისი დახმარების მიღების მიღმა გარკვეული ოჯახები დარჩება, - აღნიშნული განცხადება ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის შემდეგ გააკეთა, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სოციალურად დაუცველ პირთა შეფასების ახალი მეთოდოლოგია და კრიტერიუმები წარმოადგინა.

ჭიაბერაშვილის თქმით, წარმოდგენილი მონაცემებით თვალნათლივ ჩანს, რომ გარკვეული კატეგორიის ოჯახები ამ დახმარებას ვერ მიიღებენ.

"სახელმწიფო გვეუბნება, თითქოს იგივე თანხით უფრო მეტ ოჯახს დაეხმარება, სინამდვილეში, რაც წარმოდგენილი მონაცემებით ძალიან კარგად ჩანს, არის ის, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოყრა ემუქრებათ ძირითადად მარტოხელა ან ორწევრიან პენსიონერთა ოჯახებს, როცა ცოლ-ქმარი ცხოვრობს ერთად. ეს კი იმ პირობებში მოხდება, როცა პენსია არ იზრდება და პენსიის ზრდა გადაწეულია მთელი 9 თვით. ჯანდაცვის სამინისტროს მოუწევს ახსნას, არსებული მეთოდოლოგია როგორ ეხმარება უფრო გაჭირვებულ მოსახლეობას, როდესაც ყოველთვიურად გაძვირებული წამლის და პროდუქტის ყიდვა მოუწევს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.