თუ ფინანსთა სამინისტრო არ შეწყვეტს ხარჯვით პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ჭარბი ლარის მიმოქცევაში გაშვებაზე, შედეგი იქნება სავალალო , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ ლარის გაუფასურების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ეროვნული ბანკის ინსტრუმენტების გამოყენება ნაკლებად ეფექტური იქნება.
"დღეს ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, თუმცა ამის მიუხედავად კურსი ვერ იქნა დაჭერილი და 1,84-დან 1,86-მდე ავიდა. მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენება ეროვნული ბანკის მხრიდან მთლიანად არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ რამდენად კოორდინირებულად გააგრძელებს მუშაობას ზოგადად ხელისუფლება. ეროვნული ბანკის ინსტრუმენტების გამოყენება მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ეფექტური. როცა ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი პირველად გაყიდა, ჩვენ მოვახერხეთ კურსის დაჭერა და 1,83-დან ლარი დოლართან მიმართებაში 1,81-მდე ჩამოვიდა, მაგრამ მეორე, დღევანდელი ინტერვენცია ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა. თუ ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს ხარჯვით პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ჭარბი ლარის მიმოქცევაში გამოშვებაზე ანუ ფორმალურად ბიუჯეტის შესრულებაზე, მაშინ ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები იქნება ნაკლებად ეფექტური", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ეკონომიკური ექსპერტის თქმით, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, შესრულდეს ბიუჯეტი ქაღალდზე, თუ გაგრძელდეს ლარის გაუფასურების პროცესი და საფრთხე შეიქმნას ინფლაციური პროცესის გაღრმავების კუთხითაც.
"ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გარე ფაქტორებიც, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ლარის მსყიდველობითი უნარის შემცირებას - მხედველობაში მაქვს ინვესტიციების შემცირება, პირდაპირი ფულადი გზავნილების შემცირება და ა.შ. ამას უნდა დავუპირისპიროთ სწორი პოლიტიკა, სწორი პოლიტიკის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) ინსტრუმენტი კი არის ხარჯვითი პოლიტიკის ოპტიმიზაცია. თუ ფინანსთა სამინისტრომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რაც რაციონალურობისგან შორს დგას, სავალდებულო წესად გაიხადა წლევანდელი ბიუჯეტის შესრულება ქაღალდზე და ბოლო 1 თვეში შეეცადა იმ ჩამორჩენის დაფარვას, რაც გასული 9-10 თვის განმავლობაში გვქონდა, ანუ შეეცადა ზედმეტი ლარის მიმოქცევაში გაშვებას, მერწმუნეთ, ეს ძალიან დააზარალებს ლარს - ხელს შეუწყობს დევალვაციურ პროცესს, მეორე მხრივ კი გააჩენს საფრთხეს, რომ გაღრმავდეს ინფლაციური პროცესი ანუ ფასების ინდექსი ნეგატივისკენ შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკი იქნება უძლური და მის ინტერვენციას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ამიტომ, დღეს ჩვენ ვდგავართ ორი არჩევანის წინაშე: ან უნდა შევასრულოთ ბიუჯეტი (რაც არის წმინდა პოპულისტური, არარაციონალური გადაწყვეტილება) და მიმოქცევაში გავუშვათ ჭარბი ლარი მხოლოდ იმისთვის, რომ ბიუჯეტის პოლიტიკური კონტექსტი შესრულდეს და პასუხი არავის მოეთხოვოს, ან მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება, ვთქვათ, რომ საფინანსო პროცესი წლის განმავლობაში დაიგეგმა და განხორციელდა არასწორად და ზედმეტი ლარის მასა მიმოქცევაში არ გავუშვათ", - აღნიშნა ეკონომიკურმა ექსპერტმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელ სავალუტო აუქციონზე, სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე განმარტებით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.8605 შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსმა გაუფასურება 21 ნოემბერს 1,7675-დან დაიწყო. ამ პერიოდში სებ-მა უკვე 80 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად. ბოლო 10 წლის განმავლობაში ლარის ყველაზე მაღალი გაცვლითი კურსი 2004 წლის დასაწყისში იყო, როცა 1 დოლარის ღირებულებამ 2,14 ლარსაც კი მიაღწია, წლის ბოლოს კი 1,82 ლარამდე შემცირდა. ბოლო 4 წელიწადში გაცვლითი კურსი ყველაზე მაღალი 2010 წლის ივნისში იყო (1,8875) და 1,80-იან ნიშნულს 2011 წელსაც გასცდა. გასული წლის ბოლოს 1 დოლარი 1,73 ლარამდე გაძვირდა.