მასალების გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო გამიმყარდა რწმენა, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია

მასალების გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო გამიმყარდა რწმენა, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებმა საქმის გრიფმოხსნილი მასალების გაცნობა დაასრულეს. მასალების გაცნობის შემდეგ, დაკავებულების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის ბრადება დაუსაბუთებელია.

"მასალების გაცნობის შემდეგ, კიდევ უფრო გამიმყარდა რწმენა, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია. არ არის გამოკვეთილი არც ანგარებითი მიზანი, არც განზრახვა. არც ის არის დაფიქსირებული, ვის უნდა მიეღო ამ ყველაფრიდან სარგებელი და არც ბრალდებულებს შორის ურთიერთკავშირია ასახული. პროკურატურა ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. ჯერ დაიწერა ბრალდება და ახლა ეძებენ ბრალდების დასაბუთებისათვის აუციელებელ მტკიცებულებებსა და საბუთებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სოსო ბარათაშვილმა.

ადვოკატის თქმით, გამოძიება დაწყებულია "დელტაკომის" საჩივრის საფუძველზე. "როდესაც ჩატარდა ექსპერტიზა (ეს საქმის მასალებში დევს), ექსპერტმა დაუძახა "დელტაკომის" წარმომადგენელს და ჰკითხა, რა ფასად შეასრულებდა ამ სამუშაოს. "დელტაკომის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის ამ სამუშაოს შეასრულებდა უფრო ნაკლებად - თუ ამას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებდა 6 მილიონად, "დელტაკომის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამუშაოს შეასრულებდა 2 მილიონად. 6 მილიონს გამოაკლეს 2 და მიიღეს 4 მილიონი, ეს არის ბრალდების მხარის მტკიცებით, ე.წ. გაფლანგული თანხა", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ადვოკატები საქმის იმ ნაწილის გადაცემასაც მოითხოვენ, რომელსაც როგორც ცნობილია გრიფი ადევს და საქმის 7 % შეადგენს. "დაახლოებით 3800 გვერდი მასალები გადმოგვცა პროკურატურამ, რომელიც 18 ტომად აიკინძა. საქმის დარჩენილი ნაწილი კი, წარმოადგენს 200 საქმის ფურცელს. მოვითხოვთ, რომ საქმის ეს ნაწილიც დაუყოვნებლივ გადმოგვეცეს. წინასასამართლო სხდომაზე, დადგება ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საკითხი, რადგან პროკურატურა ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ გადმოგვცემდა მასალებს, დარჩენილ ნაწილს კი დღემდე არ გადმოგვცემს", - აღნიშნა ბარათაშვილმა.