ადვოკატის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს საქმეზე პროკურატურამ საგამოძიებო ვადის ორი თვით გადაწევა მოითხოვა

ადვოკატის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს საქმეზე პროკურატურამ საგამოძიებო ვადის ორი თვით გადაწევა მოითხოვა

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე პროკურატურამ საგამოძიებო ვადის ორი თვით გადაწევა მოითხოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულების ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის 2015 წლის 10 თებერვალამდე გადადების შესახებ.

დაკავებულების დამცველებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურა ბრალდების დასაბუთების საფუძვლებს ახლა ეძებს და სხდომის გადადება ამ მოტივით მოითხოვა.

ადვოკატები აპირებენ, პატიმრობაში მყოფი მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს.

"ჩვენ საქმის სრულყოფილად შესწავლის წინააღმდეგი, ცხადია, არ ვართ, მაგრამ გვიჩნდება კითხვა, რა საჭიროა ბრალდებულების ციხეში ყოფნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი ციხეში ყოფნის საჭიროება არ არსებობს, ამიტომ პროცესის გადადების თაობაზე სასამართლოს განჩინების შემდეგ, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ეს სავარაუდოდ მომავალ კვირაში მოხდება", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.