"საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს"

ასე უპასუხა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ შეკითხვას იმის შესახებ, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

"ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს მთავრობამ თავად უნდა გადაწყვიტოს და ყურადღებით განიხილოს. რაც შეეხება ნატო-ს, მის ყველა მოკავშირეს საკუთარი საგარეო პოლიტიკა აქვს, რომელიც სახელმწიფოებრივ, სუვერენულ ინტერესზეა დაფუძნებული. საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორია და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს",- განაცხადა უილიამ ლაჰიუმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის მოხარული იქნებოდა, თუ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს სხვა ქვეყნებიც შეუერთდებოდნენ. 

რაც შეეხება შეხვედრაზე განხილულ საკითხებს, ლაჰიუს თქმით, საუბარი შეეხო საქართველოში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს და ნატო-ს მიერ საქართველოსთვის შეთავაზებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხს.