როდესაც ადამიანი რაიმე მხრივ უნარმოკლებულია, აუცილებლად ღმერთი აძლევს სხვა ნიჭს

როდესაც ადამიანი რაიმე მხრივ უნარმოკლებულია, აუცილებლად ღმერთი აძლევს სხვა ნიჭს

თქვენ ხართ ბედნიერები, თქვენ ყვარებიხართ უფალს, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში შეხვედრაზე მისულ "ყრუთა კავშირის წევრებს" და ყრუ და სმენადაქვეითებულ საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მათი ოჯახის ახლობლები, ასევე სასულიერო პირები, რომლებსაც წლების განმავლობაში სმენის პრობლემის მქონე ბავშვებთან შეხება აქვთ, მათ აზიარებენ, მათთვის ლოცვებს კითხულობენ. კერძოდ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი კალანდაძე და სხვა სასულიერო პირები.

პატრიარქთან შეხვედრაზე ბავშვებმა სიმღერები და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ "ნიჭიერის" მონაწილე ნინო დევიძე და ნიკა ქავთარაძე.

საქართველოს ყრუთა კავშირის თავმჯდომარე ამირან ბატატუნაშვილმა უწმინდესს მადლობა გადაუხადა მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ამ დღეს ძალიან დიდხანს ელოდნენ. მისივე თქმით, წერილობით მიმართა საპატრიარქოს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამოყოფილიყო ადგილი და შესაძლებობა ყოფილიყო სმენადქვეითებულებისთვის ჩატარებულიყო წირვა-ლოცვა. მისივე თქმით, მამა გიორგიმ შეძლო, შეესწავალა ჟესტების ენა, რათა მოესმინა სმენადაქვეითებულთა და ყრუთა აღსარებები, მათი სულიერი გზა სწორად წარემართა. სამებაში უკვე მეოთხე წელია, მიმდინარეობს წირვა-ლოცვა მათთვის გასაგებ ენაზე.

თავის მხრივ შეხვედრაზე პატრიარქმა აღნიშნა, რომ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ადამიანი რაიმე მხრივ უნარმოკლებულია, აუცილებლად ღმერთი აძლევს სხვა ნიჭს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ასეთი ადამიანები გენიალური, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული არიან.

"მე ვფიქრობ, რომ თქვენ ბედნიერი ხართ. თქვენი უმეტესობისგან გამოვა გენიალური მხატვარი", - აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესმა შეხვედრაზე იკითხა, თუ ასწავლიან სკოლაში ხატვას. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მათ ბევრად უკეთესი ნამუშევრები გამოუვათ, ვიდრე ამას ჩვეულებრივი ადამიანი ახერხებს.

"ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ თქვენ ნაკლი გაქვთ. ამაში თუ ნაკლი გაქვთ, სხვაში ხართ გენიალური. უნდა იპოვოთ, რა ნიჭი მოგცათ ღმერთმა. ყურადღება მიაქციეთ ამას, შეიძლება საუკეთესო ხატმწერები, მხატვრები გამოხვიდეთ. ერთი გოგონა ჩამოვიდა უცხოეთიდან. მე მივამაგრე ხატმწერს და საუკეთესო ხატმწერი გამოვიდა. შემდეგ წავიდა თავის ქვეყანაში და ახლა ხატებს ხატავს", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, თუკი სურვილი ექნებათ, საპატრიარქო მათ გამოუყოფთ ხატმწერს, რომელიც ბავშვებს ხატვას ან ხატწერას შეასწავლის.

"დასასრულს მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ თქვენ ხარ ბედნიერები, თქვენ ყვარებიხართ უფალს", - აღნიშნა უწმინდესმა.

უწმინდესმა დღევანდელი დღის სამახსოვროდ მკერდიდან მოიხსნა ღვთისმშობლის ოქროს ხატი და გადასცა "ნიჭიერის" მონაწილე ნიკა ქავთარაძეს. მან აღნიშნა, რომ ეს ოქროს ხატი ყრუ და სმენადაქვეითებულებმა მორიგეობით უნდა ატარონ. უწმინდესის თქმით, მათ ღვთისმოშბლის მფარველობა ექნებათ. საქართველოს ატრიაქს ბავშვებმა მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები გადასცეს საჩუქრად.