აბაშიძე-კარასინის ფორმატისგან მოლოდინები უფრო მეტი იყო, თუმცა ეს დიალოგი უნდა შენარჩუნდეს

აბაშიძე-კარასინის ფორმატისგან მოლოდინები უფრო მეტი იყო, თუმცა ეს დიალოგი უნდა შენარჩუნდეს

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატისგან პოლიტიკური მიმართულებით მოლოდინები უფრო მეტი იყო, თუმცა ეს დიალოგი უნდა შენარჩუნდეს.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ არსებობს საერთაშორისო აქტორი, რომელიც აღნიშნული ფორმატის გაუქმებას შეიძლება უჭერდეს მხარს.

"რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინები უფრო მეტი იყო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მქონე პოზიცია გულისხმობს მსგავსი ფორმატის შენარჩუნებას. არ არსებობს საერთაშორისო აქტორი, რომელთანაც გვქონია ურთიერთობა, რომელიც არ მიესალმება და არ უჭერს მხარს მსგავსი ფრომატის შენარჩუნებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ფორმატი უნდა შენარჩუნდეს იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც იმ მომენტისათვის ახასიათებს ორმხრივ ურთიერთობებს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგი პოლიტიკურ თემატიკაზე კონცენტრირებული არ არის, თუმცა ისეთ პოლიტიკურ მოვლენებს, როგორიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა იყო, მოლაპარაკებების ამ ფორმატზეც ჰქონდა გავლენა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში პაუზა არ არის.

"ურთიერთობების ნორმალიზებაში პაუზა არ არსებობს. არსებობს პერიოდი, როდესაც უნდა იფიქრო, როგორ იმოქმედო მომავალში, გაიაზრო ყველაფერი. სიტყვა "პაუზა" მე არ მომწონს. ნორმალიზება იმ სფეროებში გაგრძელდება, რომელშიც შესაძლებელია. საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ვფიქრობთ იმაზე, როგორ ავაწყოთ მომავალი მუშაობა. ახალ წლამდე, ვფიქრობ შეხვედრა არ გვექნება. მომავალი წლის დასაწყისში ვიფიქრებთ თარიღზე, თუ როდის უნდა შევხვდეთ კვლავ", - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.