პრეზიდენტმა ცსკ-ის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს 2 კანდიდატურა წარუდგინა

პრეზიდენტმა ცსკ-ის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს 2 კანდიდატურა წარუდგინა

ლევან ტურაშვილი და ზურაბ ხრიკაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ წარადგინა.

როგორც პატარაიამ განაცხადა, შესაბამისი წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტში უკვე გაიგზავნა.

პატარაიას თქმით, აღნიშნული კანდიდატების შერჩევა ღია და გამჭვირვალე პროცედურებით მიმდინარეობდა.

როგორც პატარაია აცხადებს, დასახელებულ კანდიდატებს შთამბეჭდავი გამოცდილება აქვთ საარჩევნო სფეროში.

თავის მხრივ, ლევან ტურაშვილმა და ზურაბ ხრიკაძემ პრეზიდენტს და საკონკურსო კომისიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ცნობისთვის, კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსი 4 ნოემბერს გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 18 განაცხადი შევიდა, რომელთაგან კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს 3 კანდიდატურა წარუდგინა.

გიორგი მარგველაშვილმა 2 კანდიდატურა კანონმდებლობის შესაბამისად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 7 დღის ვადაში წარუდგინა.

რაც შეეხება საკონკურსო კომისიას, ის დაკომპლექტებული იყო 6 წევრისგან, რომელთაგან 3 არასამთავრობო სექტორის, დანარჩენი 3 კი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყო.