საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე უახლესი ეკონომიკური და საბიუჯეტო მონაცემების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ჯაფარიძის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა ოქტომბერში შემცირდა 3.5%-მდე. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი ივლისში - 7.2%, აგვისტოში - 5.2%, სექტემბერში კი - 4.1% იყო.
"ასევე სერიოზული პრობლემებია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით. 2014 წლის ბიუჯეტით დაგეგმილია 9,105,000,000 ლარის შემოსულობების მიღება. აქედან, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შეადგენს 6,820,000,000 ლარს, ხოლო გადასახდელების მხრივ დაგეგმილია 9,080,000,000 ლარის გახარჯვა. 1 დეკემბრის მდგომარეობით, იმისათვის რომ ბიუჯეტი შესრულდეს, საჭიროა წლის ბოლომდე 1,344,100,000 ლარის შემოსულობების მიღება (დაგეგმილის 15%!), 710 მილიონი ლარის გადასახადების აკრეფა და 1,423,100,000 ლარის გადასახდელების გადახდა (დაგეგმილის 16%!). ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ 1 თვეში ამის გაკეთება არის შეუძლებელი და 2014 წლის ბიუჯეტს ელის ისეთივე ბედი როგორიც ჰქონდა 2013 წლის ბიუჯეტს. ის მნიშვნელოვნად გაირღვევა როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილში", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, თუ დეკემბერში მთავრობა შესძლებს ისეთივე მასშტაბის შემოსულობების მიღებას და გადასახდელების გადახდას, როგორც მან შეძლო ნოემბერში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში გაირღვევა დაახლოებით 700-800 მილიონი ლარით, საგადასახადო შემოსავლების ნაწილში - დაახლოებით 100-150 მილიონი ლარით, ხოლო გადასახდელების ნაწილში - დაახლოებით 700-800 მილიონი ლარით.
"უკვე მე-2 წელია ზედიზედ ეს მთავრობა ვერ ახერხებს ბიუჯეტის წესიერად დაგეგმვას და შესრულებას. 700-800 მილიონი ლარით გარღვეული ბიუჯეტი ნიშნავს: უამრავ დაკარგულ სამუშაო ადგილს, რომელიც უნდა შექმნილიყო; ათობით კილომეტრ გზას, რომელიც შეიძლება დაგებულიყო და სხვა", - განაცხადა ჯაფარიძემ.