„არ ვფიქრობ რომ საქართველომ აფხაზეთის დაბრუნების შანსი დაკარგა“

„არ ვფიქრობ რომ საქართველომ აფხაზეთის დაბრუნების შანსი დაკარგა“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწის მეთიუ ბრაიზას შეფასებით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჟენევის პროცესს დაასრულებს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე „პირWელთან“ ინტერვიუში საუბრობს.

ამერიკელი დიპლომატი ფიქრობს, რომ დასავლეთმა  უნდა განაცხადოს,  რომ ჟენევის პროცესი დასრულებულია.

„პირველ რიგში, ეს არ არის ხელშეკრულება, რადგან აფხაზეთი სახელმწიფო არ არის. ის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ და ტუვალუმ აღიარეს, თუმცა აფხაზეთი ქვეყანა არ არის. რაც შეუძლია, ამ ხელშეკრულებას გააკეთოს, ეს ჟენევის მოლაპარაკებების შეჩერებაა. მე ვფიქრობ, ის ამ პროცესს დაასრულებს.  ეს შეთანხმება არაფერს ნიშნავს, ეს არის პროვოკაციული  და მცდელობა პუტინისა, რომ მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია“,-აცხადებს ბრაიზა. 

მისივე თქმით, დასავლეთი ამ ეტაპზე, რეაგირებს.  თუმცა ფიქრობს, რომ მან სხვა ნაბიჯიც უნდა გადადგას და თქვას, რომ ჟენევის პროცესი დასრულებულია.

„აშშ-მა, ეუთო-მ, ევროკავშირმა უნდა განაცხადონ, რომ ჟენევის პროცესი აღარ უნდა გაგრძელდეს. ეს იქნება ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის. რაც შეეხება დამატებით სანქციებს, ეჭვი მეპარება, რომ ეს მოხდეს, რადგან რეალურად, ეს ხელშეკრულება არ არის ახალი ნაბიჯი - ეს ხელშეკრულება  უბრალოდ, აერთიანებს იმ ქმედებებს, რომელსაც რუსეთი ყოველთვის ახორციელებდა, საქართველოში შეჭრითა და ოკუპაციით. არ ვფიქრობ რომ საქართველომ აფხაზეთის დაბრუნების შანსი დაკარგა, მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება და ვიმედოვნებ, აფხაზები გააცნობიერებენ, რომ საქართველოსთან ერთად ცხოვრება გაცილებით უკეთესია",- განაცხადა ბრაიზამ.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რუსეთის ქმედებებთან მიმართებაში ალბათ, საკმარისია; ასევე საჭიროა, დასავლეთმა ნათლად თქვას, რომ ეს ე.წ. ხელშეკრულება

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ამერიკელი დიპლომატი საუბრობს, ევროინტეგრაციის პროცესზე საქართველოში განვითარებული მოვლენების შესაძლო გავლენაა, მეთიუ ბრაიზას თქმით, თუ მთავრობაში მომხდარი ცვლილებები აღქმულია როგორც საქართველოს მთავრობის მიმართულების შეცვლა, ეს ქართველებისთვის ტრაგედიაა.

„პირველ რიგში, საქართველოსთვის ცუდია, რომ ნიჭიერმა ადამიანებმა დატოვეს ქვეყნის  მთავრობა. ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი ძალიან გამოცდილი დიპლომატები არიან. მათ ჰქონდათ ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული ხედვა და ძალიან ბევრს მუშაობდნენ იმისათვის, რომ საქართველო დაახლოებოდა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს ამომრჩეველში ძალიან პოპულარულია. თუ მთავრობაში მომხდარი ცვლილებები აღქმულია როგორც საქართველოს მთავრობის მიმართულების შეცვლა, ეს ქართველებისთვის ტრაგედიაა, რადგან მაშინ მთავრობა მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თუმცა არ ვიცი ეს რას ნიშნავს, რადგან პრემიერ-მინისტრი დაუყონებლივ გამოვიდა და განაცხადა, რომ ამ ადამიანების წასვლა მთავრობიდან ევროპისკენ სვლის შენელებას არ ნიშნავს. პრემიერმა იცის, რას სურს მის ამომრჩეველს, ის არის უნარიანი პოლიტიკოსი. არასოდეს იცი, რას გააკეთებს რუსეთი, დარწმუნებული, ვარ რომ ე.წ. NGO-ები, არასამთავრობოები, რომლებიც აქ ფინანსდებიან, ძალიან ბევრს მუშაობენ იმისათვის, რომ დასავლეთისკენ სვლის მხარდაჭერას ძირი გამოუთხარონ“,- აცხადებს ბრაიზა.

ამერიკელი დიპლომატი ასევე საუბრობს შეფასებებზე, რომლის მიხედვით ალასანიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც საკუთარი თავი ევროატლანტიკურ კურსთან გააიგივა, ბრაიზას შეფასებით, პოლიტისობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ სიმართლე თქვან.

„როდესაც მე დიპლომატი ვიყავი, ვფიქრობდი, მესაუბრა დიპლომატიურად, არასოდეს უნდა მოიტყუო.  ისაუბრო დიპლომატიურად ნიშნავს, თქვა სიმართლე. ზუსტად არ ვიცი, რა თქვა ირაკლი ალასანიამ, მაგრამ თუ შენ რეალურად გული შეგტკივა იმის გამო, რომ საქართველომ დასავლური კურსიდან გადაუხვია, ეს ალბათ, საჯაროდ უნდა თქვა, ის არის პატიოსანი, სუფთა, არაკორუმპირებული, ამბიციური ადამიანი - ეს არის ძალიან კარგი რამ და ზოგჯერ, პოლიტიკაში, რომელიც შეჯიბრია,  ყველას არ სურს შეჯიბრი.  ასე, რომ ირაკლი ალასანია ახლა გამოწვევების წინაშეა - საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება ამომრჩეველში და დამფინანსებლები - ამ გამოწვევის წინაშე ყველა დგება პოლიტიკაში,  თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო“,- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე. 

ის იმედოვნებს, რომ პოლიტიკური სისტემა ღია იქნება იმისთვის, რომ ალასანიამ მიიღოს დაფინანსება მათგან ვისაც მისი სჯერა. და თუ ამ სისტემასთან დაკავშირებით შეზღუდვები იქნება, ამ შემთხვევაში საქართველოს ურთიერთობებს ვაშინგტონთან პრობლემები შეექმნება. 

„ისინი მოვლენებს ძალიან ფრთხილად აკვირდებიან“,- აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.