კარასინი-აბაშიძის ფორმატი არ უნდა გადაიხედოს

კარასინი-აბაშიძის ფორმატი არ უნდა გადაიხედოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი არ უნდა გადაიხედოს.

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს და რუსეთს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები და ამ ფონზე რაღაც დიალოგი უნდა არსებობდეს. ეს ფორმატი, ჩემი აზრით, ყველაზე მისაღებია, ამიტომ არ უნდა გადაიხედოს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კარასინთან შეხვედრის ფორმატი შენარჩუნებულია.

"ფორმატს და კომუნიკაციის ამ არხს ვინარჩუნებთ. თუმცა, შეხვედრა ჯერ დანიშნული არ არის", - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, თუ საჭირო იქნება, აქვთ საშუალება, ერთმანეთს დაუკავშირდნენ, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე არ შეთანხმებულან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში პაუზა არ არის.

"ურთიერთობების ნორმალიზებაში პაუზა არ არსებობს. არსებობს პერიოდი, როდესაც უნდა იფიქრო, როგორ იმოქმედო მომავალში, გაიაზრო ყველაფერი. სიტყვა "პაუზა" მე არ მომწონს. ნორმალიზება იმ სფეროებში გაგრძელდება, რომელშიც შესაძლებელია. საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ვფიქრობთ იმაზე, როგორ ავაწყოთ მომავალი მუშაობა. ახალ წლამდე, ვფიქრობ შეხვედრა არ გვექნება. მომავალი წლის დასაწყისში ვიფიქრებთ თარიღზე, თუ როდის უნდა შევხვდეთ კვლავ", - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.