ეჭვი მეპარება, უკრაინამ სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს თანამდებობები შესთავაზოს

ეჭვი მეპარება, უკრაინამ სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს თანამდებობები შესთავაზოს

გამიკვირდება უკრაინაში თანამდებობებზე იმ პოლიტიკოსების დანიშნა, რომლებმაც საქართველოში, პრაქტიკულად, რეფორმები ჩააგდეს, - ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ამით სახელმწიფო მინისტრი უკრაინის მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, თუ საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს, ეს იქნება უცნაური.

"ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის ხელისუფლება წავიდეს იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს თანამდებობები შესთავაზონ. ხოლო ვისზეც არ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, იქ ბუნებრივია, უკრაინას გააჩნია თავისი ხედვები. თუმცა, გამიკვირდება იმ პოლიტიკოსების დანიშვნა, რომლებმაც საქართველოში პრაქტიკულად ჩააგდეს რეფორმები და კოლაფსის წინაშე დააყენეს სახელმწიფო, რის გამოც მოსახლეობას მათი სასწრაფოდ გადარჩევა მოუწია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს ეს გადაწყვეტილებები უკრაინასთან ურთიერთობების გაუარესებას, სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესებშია უკრაინასთან კარგი ურთიერთობები და დარწმუნებულია, რომ ურთიერთობები ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც იყო.

ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღლჩინოსნები თანამდებობებზე ინიშნებიან. ზოგიერთი უკრაინული მედია უკვე ადასტურებს, რომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილი იქნება, შს მინისტრის მოადგილედ კი – ეკა ზღულაძე.