ლოპოტას ხეობის საიდუმლო: ექსპერტთა კომისიის მასალები

ლოპოტას ხეობის საიდუმლო: ექსპერტთა კომისიის მასალები

„2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რამდენიმე ათეულმა ჩეჩენმა „ბოევიკმა" საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ბაზებზე - ვაზიანში და შავნაბადაზე სპეციალური წვრთნები გაიარა. ეს ცნობილი გახდა ორშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც მომზადდა ექსპერტების მიერ, საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ხელშეწყობით", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - მიხეილ ვიგნანსკი).

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული 2012 წლის 28-29 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან ახლოს მომხდარი სპეცოპერაციის ამსახველი მასალები - სპეცოპერაციისა, რომლის დროსაც ორი ქართველი სპეცრაზმელი, ქართველი ექიმი და შვიდი ჩეჩენი „ბოევიკი" დაიღუპა.

როგორც დოკუმენტებითა და მასალებით ირკვევა, 2012 წლის გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლებამ განიზრახა, ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ ჩეჩნეთში შესაღწევად მებრძოლთა რაზმი მოემზადებინა - როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა 2008 წელს განცდილი დამარცხების გამო შურისძიებისათვის ემზადებოდა. გეგმის თანახმად, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე კარგად მომზადებული „ბოევიკი" უნდა გადაესროლათ.

2012 წლის მარტში ევროპაში წასული 120-მდე ჩრდილოკავკასიელი „მებრძოლი" საქართველოში ჩამოვიდა, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელი ჩინოვნიკები შეხვდნენ და საწვრთნელ ბაზებზე გადაიყვანეს.

იმ ხანებში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება გრძნობდა, რომ მილიარდერ ბიძინა სააკაშვილის კოალიციას არჩევნებში გამარჯვება შეეძლო... საქართველოში კონცენტრირებულმა ჩეჩენმა „ბოევიკებმა" ფიქრი დაიწყეს, რომ ვაითუ, იმდროინდელ პრეზიდენტს ისინი რაიმე პროვოკაციულ ქმედებაში გამოეყენებინა. მით უმეტეს, რომ მათი გადასროლა ჩრდილოეთ კავკასიაში ჭიანურდებოდა. 2012 წლის აგვისტოში, როგორც იქნა, რუსეთის (ჩრდილოეთ კავკასიის) ტერიტორიაზე გადასაყვანი სასაზღვრო „დერეფანი" მომზადდა. „ბოევიკთა" პირველი რაზმი ლოპოტას ხეობისაკენ გაემართა, რომ მოულოდნელად ქართველმა ძალოვანებმა რაზმის წევრებს იარაღის ჩაბარება უბრძანეს და ჩრდილოეთ კავკასიაში გადაყვანაზე უარი განუცხადეს. რატომ მოხდა ასე, ჯერჯერობით უცნობია. ასეა თუ ისე, „ბოევიკები" ბრძანებას არ დაემორჩილნენ და წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს. ატყდა სროლა, რომლის დროსაც რაზმის წევრები და საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლები დაიღუპნენ.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 104-გვერდიანი გამოკვლევა საქართველოს პარლამენტს გადასცა და პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას ამ მოვლენების გამოძიება სთხოვა. კომისიის წარმომადგენელმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, NATO-ს ეგიდით მოქმედი ტერორიზმის საწინააღმდეგო სამუშაო ჯგუფის ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ „როსსიისკაია გაზეტა"-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ისტორია სავსებით თავსდება საქართველოს კავკასიური პოლიტიკის ჩარჩოებში, რომელსაც იმ პერიოდში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა. სწორედ იმ დროს საქართველოს ხელისუფლებამ, ერთადერთმა მსოფლიოში, რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა, შექმნა რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდისტული რუსულენოვანი ტელეარხი „პირველი საინფორმაციო კავკასიური" („პიკ") და ასე შემდეგ. ამ პოლიტიკის მიზანი იყო ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ანტირუსული განწყობის გაღრმავება.

http://www.rg.ru/2014/12/01/boeviki-site.html