ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს მოვუფრთხილდეთ

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს მოვუფრთხილდეთ

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებს მოვუფრთხილდეთ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო დანიშვნის თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, მრავლად არის ინფორმაცია, სპეკულაცია, ჭორები ამ თემაზე, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე.

"მრავლად არის ინფორმაცია, სპეკულაცია, ჭორები ამ თემაზე, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე. კონკრეტული ოფიციალური ინფორმაცია ნამდვილად არ არსებობს და ამის თაობაზე დღეს ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა.

უკრაინა არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი. უკრაინა არის საქართველოსთან ერთად აქტიურად ჩართული ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განხორციელების საქმეში", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერს დაგეგმილი აქვს ვიზიტი უკრაინაში.

"ერთი კვირის წინ გვქონდა ოფიციალური კონსულტაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. იცით, რომ ფორმირების პროცესშია უკრაინის მთავრობა. ჩვენ გადავეცით ჩვენი მზაობა უკრანის მხარეს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩავიდნენ უკრაინაში. ჩვენ შორის არის ტრადიციული, ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური ურთიერთობები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობებს მოვუფრთხილდეთ, ეს ურთიერთობები განვავითაროთ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღლჩინოსნები თანამდებობებზე ინიშნებიან. ზოგიერთი უკრაინული მედია უკვე ადასტურებს, რომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილი იქნება, შს მინისტრის მოადგილედ კი – ეკა ზღულაძე.