უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის ასამოქმედებლად წლის ბოლომდე ჯგუფი შეიქმნება

უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის ასამოქმედებლად წლის ბოლომდე ჯგუფი შეიქმნება

უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის ასამოქმედებლად წლის ბოლომდე ჯგუფი შეიქმნება და თავდაცვის სამინისტროში ორგანიზაციული საკითხები ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.

"შეხვედრები დაგეგმილია ნატო-ს წევრი ქვეყნების 10-მდე მინისტრთან. შეხვედრა იქნება გენერალურ მდივან სტოლტენბერგთან. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იქნება ყველა ის პრიორიტეტული საკითხი, რომელიც აქვს საქართველოს დღის წესრიგში ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე. ეს ეხება უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის ეფექტიან და დროულ ამოქმედებას. კონკრეტული გეგმა არსებობს, რომ წლის ბოლომდე უნდა შეიქმნას ჯგუფი და სხვა ორგანიზაციული საკითხები ჩამოყალიბდეს თავდაცვის სამინისტროში", - განახცადა ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაგეგმილი ვიზიტი, ყველა ფორმატი, რომელიც არსებობს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, განხორციელდეს დროულად, რადგან ეს დინამიკა საქართველოს ძალიან სჭირდება.

"ამ მიმართულებით ჩვენ ნატო-ს გენერალური მდივნის მკაფიო მხარდაჭერა გვაქვს და ეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ითქვა", - აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, საქართველო მინისტერიალის ფარგლებში ხაზს გაუსვამს იმ პრობლემას, რომელიც რუსეთსა და დე-ფაქტო აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირდება.

"ხაზს გავუსვამთ იმ პრობლემას რასაც ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარება ზოგადად ქმნის რეგიონალური და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში. ყველა პარტნიორთან ვისაუბრებთ საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერის მობილიზაციაზე და ყველა პრიორიტეტულ თემაზე, განსაკუთრებით რეგიონალური გამოწვევების კონტექსტში. საქართველო მუშაობს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ყველა საერთაშორისო ფორმატი, ორმხრივი თუ მრავალმხრივი, გამოიყენოს თავისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, რომელიც ეხება რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას. დღესაც მან ძალიან მკაფიოდ გააკეთა განცხადება, რომ ნატო და ნატო-ს წევრი ქვეყნები გმობენ რუსეთის ქმედებას, მხარს უჭერენ საქრთველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ აღიარებენ არც ერთ ხელშეკრულებას, რადგან ეს არის პრინციპის საკითხი და ნატო და ნატო-ს წევრები ქვეყნები განუხრელად იცავენ იმ პრინციპებს, რომელსაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვეობა", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, ნატო-ს დღევანდელი მინისტერიალი კონცენტრირებული იქნება რამდენიმე საკითხზე, კერძოდ: ავღანეთი, უსაფრთხოების გამოწვევები და ნატო-ს მომავალი მისია და ასევე ნატო-ს მეკავშირეობის პოლიტიკა დღევანდელი რეგიონალური გამოწვევების ფონზე.

"ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც ISAF-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანა, სრულფასოვნად იქნება ჩართული ამ დისკუსიაში. ეს შეხვედრა მინისტრების დონეზე მნიშვნელოვანია როგორც ბოლო შეხვედრა ISAF-ის შემაჯამებელ კონტექსტში და ასევე პირველი შეხვედრა მინისტრების დონეზე ახალი მისიის გადამწყვეტი მხარდაჭერის ფარგლებში. საქართველო ამ პროცესში ჩართულია სრულფასოვნად, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო თავისი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ფარგლებში ვალდებულებების განხორციელებას და თავისი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში. შესაბამისად, პლენარულ სესიაზე ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.