საწარმოში პარტნიორის წილის შემცირებაზე მისგან თანხმობა სავალდებულო აღარ იქნება

საწარმოში პარტნიორის წილის შემცირებაზე მისგან თანხმობა სავალდებულო აღარ იქნება

საწარმო სუბიექტში პარტნიორის უფლებები გარკვეულწილად იზღუდება - საწარმოში პარტნიორის წილის გაზრდასა თუ შემცირებაზე მისგან თანხმობის მიღება სავალდებულო აღარ იქნება და სათანადო გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა, მისი თანხმობის გარეშეც მოხდეს.

მოქმედი კანონის თანახმად, "თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას აუქმებს, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია".

აღნიშნული ვალდებულების გაუქმებას "მეწარმეთა შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შესთავაზა.

კომიტეტის განმარტებით, ამგვარი ვალდებულების არსებობა მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნის სამეწარმეო საზოგადოებების ეკონომიკური განვითარების კუთხით, რადგან უმცირესობაში მყოფ პარტნიორს აქვს აბსოლუტური ვეტოს უფლება საწარმოს საფინანსო საკითხებზე, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების ჩათვლით, რაც საწარმო საზოგადოების ინტერესებს ცალსახად ეწინააღმდეგება.

"საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული ურთიერთობების პირობებში, მნიშნველოვანია, სამეწამეო სამართლებრივი რეგულირება სამეწარმეო საზოგადოებას საშუალებას აძლევდეს შიდა კორპორატიული ურთიერთოები კანონის ფარგლებში თავისუფლად მოაწესრიგოს, მათ შორის ცალკეულ საკითხებში გადაწყვეტილების მიღების წესი. კანონის ამგვარი ნორმა კი, შიდა კორპორატიული ურთიერთობების შემზღუდველ გაუმართლებელ ნორმას წარმოადგენს. გარდა ამისა, სამეწარმეო სამართლის ფუნდამენტური დებულების თანახმად, კაპიტალურ საზოგადოებებში, ყოველი პარტნიორის უფლება, როგორც წესი, განისაზღვრება და პირდაპირპროპორციულია საწარმოში მისი შენატანის ოდენობისა. ამ ფუნდამენტური პრინციპის საწინააღმდეგო დებულებაა ნორმა, რომლის თანახმადაც, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში, იმ პარტნიორის კუთვნილი წილის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც არ განახორციელებს დამატებით შენატანს და არ დაეთანხმება საწესდებო კაპიტალის გაზრდას, არ შეიძლება შეიცვალოს – შემცირდეს თვით ამ პარტნიორის თანხმობის გარეშე. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ უმცირესი წილის მფლობელი პარტნიორის წინააღმდეგობის პირობებში, საზოგადოება არ და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საწესდებო კაპიტალის გაზრდის თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება მეწარმეობის არსს და გაუმართლებელ ბარიერს ქმნის მეწარმე სუბიექტებისათვის", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.