კუბლაშვილი სამწლიანი გამოსაცდელი ვადის პრინციპს მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს

კუბლაშვილი სამწლიანი გამოსაცდელი ვადის პრინციპს მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმების და პროცედურების შესახებ შენიშვნებს მთავრობას შესთავაზებს.

მოსამართლეთა ასოციაციის წარმომადგენლები "ქორთიარდ მარიოტში" აღნიშნულ საკითხზე კონფერენციას მართავენ. როგორც კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა განუცხადა, დღევანდელი შეხვედრის მიზანია სწორედ მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების სისტემის დახვეწისთვის მუშაობა.

"დღეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის პრინციპი მუშაობს. მოსამართლეები სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შევიკრიბეთ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად გვინდა, რომ ფართო იურიდიული წრეები, საზოგადოება, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება დავარწმუნოთ იმაში, რომ სამწლიანი დანიშვნა არ არის სწორი. ეს არის მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველი", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, დღევანდელ კონფერენციაზე მოსამართლეები უცხოელ პარტნიონერებთან ერთად განიხილავენ უცხო ქვეყნების მოდელებს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს არსებული სისტემა მოსამართლეთა დანიშვნის და დაწინაურების კრიტერიუმებთან და პროცედურებთან მიმართებაში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ამ დროისათვის რამდენიმე მოსამართლეს 10 წლიანი ვადა ეწურება და სასაცილოა ის, რომ ისინი სამი წლის ვადით უნდა გადამოწმდნენ.

"რამდენიმე მოსამართლეს ათწლიანი ვადა ეწურება და ჩვენ ისინი სამი წლის ვადით უნდა გადავამოწმოთ. ძალიან სასაცილოა, იმიტომ, რომ 10 წელი როცა იმუშავა მოსამართლემ, ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს იმის, რომ მასზე პირდაპირ მივიღოთ უვადო დანიშვნის გადაწყვეტილება ან არ დავნიშნოთ ისინი იმ მოტივით, თუკი მათი ათწლიანი საქმიანობა გარკვეულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს", - განაცხადა კუბლაშვილმა.