უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანების ხილვა, რომლებიც საქართველოში ძალადობრივი რეჟიმის ავტორები იყვნენ, ჩვენთვის მტკივნეული იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.
კალაძის განმარტებით, ეს არასასიამოვნო ფაქტი თუნდაც იმის გათვალისწინებით იქნება, რომ უკრაინაში მალე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იგეგმება.
"დაველოდოთ, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა თავად ფაქტი, რა თქმა უნდა, არის არასასიამოვნო, რადგან საუბარია ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ სცენარისტები და ძირითადი ავტორები იმ ძალადობრივი რეჟიმისა, რომელიც მათ შექმნეს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში. თუ ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ეს იქნება მტკივნეული ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან უკრაინა მიგვაჩნია მეგობარ ქვეყნად და ვფიქრობ, ცოტა უხერხული და წარმოუდგენელი იქნება იმ ადამიანების ხილვა უკრაინის ხელისუფლებაში, რომლებიც დღეს იძებნებიან საქართველოში", -განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება იმას, რამდენად არის შესაძლებელი დანიშვნების შემთხვევაში უკრაინასთან ურთიერთობები ნეგატიურ კონტექსტში გადაიხედოს, ვიცე-პრემიერის თქმით, ამის შესახებ წინასწარ განცხადების გაკეთება არ სურს.
"წინასწარ არ მინდა, რაიმე განცხადება გავაკეთო, მაგრამ არ იქნება სასიამოვნო ფაქტი, თან მაშინ, როცა უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება", - აღნიშნა კალაძემ.