"უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა არ ნიშნავს, რომ სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ"

საგარეო უწყებას მუშაობს იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახოს ის სახიფათო შედეგები, რაც შესაძლოა, მის წაყრუებას მოჰყვეს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მომზადებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას უნდა მიეძღვნას. 

დონდუას თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც გაერო-ში უშიშროების საბჭოს მუდმივი და არამუდმივი წევრების დელეგაციებთან, ისე თბილისში მათ საელჩოებთან და შესაბამის დედაქალაქებში.

მისივე თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ამ საკითხის დასაყანებლად მხოლოდ ოფიციალური მიმართვის გაკეთება არ არის საკმარისი.

როგორც დონდუა აღნიშნავს, თუ საკითხი წინასწარ არ იქნა სათანადოდ მომზადებული, ოფიციალურ მიმართვას მოჰყვება ოფიციალური უარი და ხელმეორედ ამ თემის წამოწევა ვეღარ მოხერხდება.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ბოლო დროს ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერო-ს უშიშროების საბჭოზე რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ხელშეკრულების საკითხის განხილვის მოთხოვნა მისიისთვის არ დაუვალებია. უწყება განმარტავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების შეთავაზებისთანავე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ამ საკითხს ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყოლოდა.

"ისიც გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენს ემოციებს გვერდზე გადავდებთ, ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა, გაეროს მასშტაბებით, საბედნიეროდ არ არის იმ რეზონანსის მოვლენა, რომ უშიშროების საბჭო შეიკრიბოს პირველივე მოთხოვნისთანავე. იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების პირველადი რეაქცია ამ მოვლენაზე იყო ზედმეტად მშვიდი და არა ალარმისტული. ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახოთ ამ მოვლენის სიმწვავე და ის სახიფათო შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს მის წაყრუებას. კონსულტაციები მიმდინარეობს, როგორც გაეროში უშიშროების საბჭოს მუმდმივი და არამუდმივი წევრების დელეგაციებთან, ისე თბილისში მათ საელჩოებთან და შესაბამის დედაქალაქებში",-აცხადებს დონდუა.

მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, არ ნიშნავს, იმას, რომ სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ.

"ნუ დაგვავიწყდება, რომ "მოპასუხე" იქნება რუსეთის ფედერაცია, რომელსაც გაერო-ში მუშაობის და მისთვის სასურველი საკითხების ლობირების უდიდესი გამოცდილება აქვს, მაშინ როცა საქართვლოსთვის ეს არის პირველი მცდელობა უშიშროების საბჭოზე გაიტანოს თავისი საკითხი. ასე რომ, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით და ოფიციალურ მოთხოვნას გავაკეთებთ მაშინ, როცა საკითხი სათანადოდ მომზადდება. აჟიტირება და ამ პროცესის ზედმეტი პოლიტიზირება კი, მხოლოდ ხელს შეუშლის სასურველი შედეგის მიღწევას",-განაცხადა დონდუამ.