რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კარასინთან შეხვედრის ფორმატი შენარჩუნებულია. ამის შესახებ აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
"ფორმატს და კომუნიკაციის ამ არხს ვინარჩუნებთ. თუმცა, შეხვედრა ჯერ დანიშნული არ არის", - განაცხადა აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძის თქმით, თუ საჭირო იქნება, აქვთ საშუალება, ერთმანეთს დაუკავშირდნენ, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე არ შეთანხმებულან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში პაუზა არ არის.
"ურთიერთობების ნორმალიზებაში პაუზა არ არსებობს. არსებობს პერიოდი, როდესაც უნდა იფიქრო, როგორ იმოქმედო მომავალში, გაიაზრო ყველაფერი. სიტყვა "პაუზა" მე არ მომწონს. ნორმალიზება იმ სფეროებში გაგრძელდება, რომელშიც შესაძლებელია. საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ვფიქრობთ იმაზე, როგორ ავაწყოთ მომავალი მუშაობა. ახალ წლამდე, ვფიქრობ შეხვედრა არ გვექნება. მომავალი წლის დასაწყისში ვიფიქრებთ თარიღზე, თუ როდის უნდა შევხვდეთ კვლავ", - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.