აღმოსავლეთ საქართველოში 8 დეკემბრის ჩათვლით ცივი ამინდი შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დეკემბრის პირველ კვირაში, საქართველოში ამინდის მკვეთრი ცვლილებები არ ფიქსირდება, თუმცა დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში მცირე სახის ნალექი წვიმის სახით დღეს და ხვალ არის მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით +3;+8 გრადუსი იქნება. შემდეგ დღეებში ჰაერის ტემპერატურა უფრო მოიმატებს და 8 დეკემბრამდე 15-16 გრადუსს მიაღწევს. ღამით ყინვაა მოსალოდნელი მთაში საშუალოდ -5 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთაში _ -8 გრადუსამდე.
2-3 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. 5 დეკემბერს გამოიდარებს, თუმცა შემდეგ სინოპტიკოსები ისევ ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ. დღეს ბარში ჰაერის ტემპერატურა +3;+8 გრადუსი დაფიქსირდება. 3 დეკემბერს კი დღისით +4;+9 გრადუსი იქნება.
4 დეკემბერს, თბილისში შესაძლოა ითოვოს. ღამით ტემპერატურა -1; ხოლო დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ამასთან, 8 დეკემბრის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს მთაში საშუალო ტემპერატურა -7; -8; ხოლო მაღალმთაში _ -12; -15.