ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული ასლან მარგოშვილის დედა ლეილა გაურგაშვილი გამოძიებით უკმაყოფილოა.
მისი განცხადებით, ექსპერტიზის შესახებ არცერთ უწყებას ინფორმაცია არ მიუწვდია. ოჯახები ამ დრომდე არც დაზარალებულად ცნეს. მათთვის უცნობია ექსჰუმაციის პასუხიც.
დაღუპულების მშობლები „პირWელთან“ საუბარში აცხადებენ, რომ მათი უმთავრესი მოთხოვნა გამოძიების დროულად დასრულება და მათი შვილებისთვის ტერორისტის სტატუსის მოხსნაა.
„უკვე მეორე წელია, დეტალებზე არ გვესაურებიან და მარტო ის ვიცი გამოძიებისგან, რომ ყველაფერი დასრულებულია. გვითხრეს, რომ გამჟღავნდეს სინამდვილეში რაც მოხდა, საქართველოს იმიჯს დააზარალებსო. როგორც ვხვდები, არ უნდათ სხვებმა გაიგონ, რომ ჩვენი შვილების გაწვრთნა და იარაღის მიცემა საქართველოში ხდებოდა. რაც მოხდა, წინა მთავრობის ბრალია, მაგრამ ამათ ხომ უნდა უნდოდეთ, რომ სიმართლე გაირკვეს“, - აცხადებს ასლან მარგოშვილის დედა ლეილა გაურგაშვილი.
„არ გვცნეს დაზარალებულად, უამრავი კითხვა დაგვიგროვდა და არც პასუხი გვაქვს. როგორ ვიყო გამოძიებით კმაყოფილი, როცა ჩვენი ბავშვები ტერორისტებად მონათლეს და ასე რჩებიან ამ დრომდე. ბოლოს გვითხრეს, ახალი დეტალები გაჩნდა და პროცესი გრძელდებაო. პრემიერი რომ ჩამოვიდა პანკისში, მან არ იცოდა, რომ ბიჭებს ტერორისტობის მუხლი წაუყენეს“, - აცხადებს ბაჰაუდინ ქავთარაშვილის მამა ასლუდინ ჟაკალაევი.
შეგახსენებთ, რომ ლოპოტას სპეცოპერაციის დეტალებზე ანგარიში დღეს სახალხო დამცველმა წარადგინა. უჩა ნანუაშვილმა საქმეში არსებულ უზუსტობებსა და დარღვევებზე ილაპარაკა. როგორც ომბუდსმენმაც დაადასტურა, ექსჰუმაციის პასუხები ოჯახებისთვის ცნობილი არ არის.