უკრაინაში სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გაართულებს

უკრაინაში სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გაართულებს

ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში მძიმე დანაშაულზე აქვთ ბრალი წაყენებული, მათი შესაძლო დანიშვნა გაართულებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავოს.

სერგეენკოს განცხადებით, მინისტრთა კბინეტის წევრებს პრემიერისგან უკრაინასთან თანამშრომლობის გააქტიურება აქვთ დავალებული და ამ ფონზე ჯანდაცვის მინისტრი ვერ ხედავს, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესები.

"თუ დადასტურდა სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის მთავრობაში, ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში მძიმე დანაშაულზე აქვთ ბრალი წაყენებული, მათი შესაძლო დანიშვნა გაართულებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ჩვენ დავალება გვაქვს მიღებული პრემიერ-მინისტრისგან, რომ გავააქტიუროთ უკრაინასთან ურთიერთობა, თანამშრომლობა, დავეხმაროთ მათ, ცოტა უხერხული წარმოსადგენია, როგორ უნდა მოხდეს ეს", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავოს. როგორც უკრაინული გამოცემა კყივპოსტ-ი წერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამჯერად აშშ-ში, ტაფტის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

როგორც გამოცემა წერს, საჯარო სამსახურში პროფესიონალების ნაკლებობამ, უკრაინის მთავრობა აიძულა საზღვარგარეთ ეძებოს კვალიფიციური კადრები, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ.

ამ დროისთვის უკრაინის კანონმდებლობა უცხოელებს უფლებას არ აძლევს, მთავრობაში თანამდებობები დაიკავონ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დათანხმდებიან უკრაინის მთავრობაში მუშობას, მათ უკრაინის მოქალაქეობა უნდა მიიღონ. ამასთან, ორმაგი მოქალაქეობა ნებადართული არ არის.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 27 ნოემბერს პარლამენტს მიმართა, ნება დართონ უცხოელებს მთავრობაში პოსტები დაიკავონ. გარდა ამისა, მან კანონმდებლებს თხოვნით მიმართა, წარმოადგინონ იურიდიული ინსტრუმენტები, რომლებიც უკრაინის მთავრობაში დასაქმების კანდიდატებს მიანიჭებს უკრაინის მოქალაქეობას სპეციალური დადგენილებების მეშვეობით.