თუ პარლამენტის მიზანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში იყოს ფინანსების სფეროში პროფესიონალი ადამიანი, მაშინ ნიკოლოზ ყაველაშვილის კანდიდატურას მხარი უნდა დაუჭიროს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ ყაველაშვილს აქვს მდიდარი გამოცდილება.
"ვიცნობ პირადად ნიკოლოზ ყაველაშვილს. ილიას უნივერსიტეტში ვთანამშრომლობთ. ის არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი ძალიან დიდი გამოცდილებით საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მიმართულებით. უმუშავია მილენიუმის პროგრამებზე ფინანსების განხრით, აქვს გამოცდილება სავალუტო ფონდში მუშაობის, ასევე საერთაშორისო ფონდებში მუშაობის. მივესალმები და ვფიქრობ, რომ მისი არჩევით ეროვნული ბანკი გაძლიერდება. თუ პარლამენტის მიზანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში იყოს პროფესიონალი ადამიანი ფინანსების სფეროში, მდიდარი გამოცდილებით, მაშინ არანაირი წინაპირობა იმის, რომ ამ კანდიდატურას პარლამენტის მხრიდან რამე წინააღმდეგობა შეხვდეს, არ არსებობს", - განაცხადა ლექვინაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა საზოგადოებას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი ნიკოლოზ ყაველაშვილი წარუდგინა.
ნიკოლოზ ყაველაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეა. იგი იყო ფონდის "ათასწლეულის გამოწვევა" საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის პროექტის დირექტორი და Overseas Private Investment Corporation მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო ფონდის - Bedminster Capital Management წარმომადგენელი საქართველოში. ნიკოლოზ ყაველაშვილი ასევე მუშაობდა ამერიკული ნავთობკომპანია "კონოკოს" ფინანსურ და ადმინისტრაციულ მენეჯერად და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელ დირექტორად, ასევე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის წარომადგენლობებში საქართველოში და მსოფლიო ბანკის კონსულტანტად.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ეკონომიკისა და ფინანსების მაგისტრის ხარისხი ბინგემტონში, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. აქვს ბიზნესადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.