პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, თუკი დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად ინიშნება, საქართველო სათანადო რეაგირებას მოახდენს.
როგორც ჯაფარიძემ "პირWელთან" საუბარში აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იგეგმება, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მისმა აპარატმა უნდა უზრუნველყოს, რომ არ შეხვდეს იმ მთავრობას, რომელიც საქართველოში ძებნილებითაა დაკომპლექტებული.
"თუ ეს ყველაფერი დადასტურდება, მე რომ ვიყო პრემიერის მრჩეველი, ვურჩევდი ამგვარი ვიზიტი ან გადაიხედოს, ან მისმა აპარატმა ისეთი ზომები მიიღოს, რომ მისი ვიზიტი შესაბამისი იყოს და არ შეხვდეს იმ მთავრობას, სადაც ძებნილები და სხვადასხვა კრიმინალები მუშაობენ. თუ ეს ყველაფერი დადასტურდება რა თქმა უნდა, ჩვენც სათანადო რეაგირებას მოვახდენთ. უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, სტრატეგიული პარტნიორია. მოდით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დადასტურდება? მერე ჩვენ ვიმსჯელებთ იმ ზომების მიღებაზე, რაც ამ სიტუაციას შეესატყვისება", - განაცხადა ჯაფარიძემ.