საგარეო უწყება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, ეს ნეგატიურ ფონს შექმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში.
"ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, ეს არის უკრაინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია. დღეს გვქონდა დაანონსებული, რომ მზადდება პრემიერის ვიზიტი უკრაინაში. ამასთან, დაგიდასტურებთ, რომ გვაქვს დავალება, რომ ყველა მიმართულებით გავააქტიუროთ უკრაინასთან კეთილმეზობლური, კარგი ურთიერთობა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ერთი გამოწვევის ქვეშ ვართ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს ნეგატიურ ფონს შექმნის იმ პოზიტივთან მიმართებაში, რაზეც გესაუბრეთ - დაგეგმილ ვიზიტზე და ასე შემდეგ. მეტ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს და დაველოდოთ მოვლენებს. ნებისმიერ მაღალჩინოსანს, რომელსაც საქართველოში მძიმე დანაშაულში აქვს ბრალი წაყენებული და ისინი მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ, ეს კარგ ფონს არ შექმნის იმ პოზიტივის მიმართულებით, რომლისკენაც მივისწრაფვით. უკრაინა ახლა გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენც მათ გვერდით ვიბრძვით ერთი იდელაებისთვის",-განაცხადა კერესელიძემ.