2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტშია

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტშია

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტშია. მისი დამტკიცების თარიღი გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, როგორც ცნობილია, დეკემბრის მესამე პარასკევი ის ბოლო დღეა, როცა ქვეყნის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება უნდა მოხდეს.

ბოლო წარმოდგენილი პროექტით, წინა პროექტთან შედარებით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება სულ გაზრდილია 127.0 მლნ ლარით - 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით 35.0 მლნ ლარით, მეორე წარდგენასთან შედარებით 10.0 მლნ ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 785 მილიონ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 29,0%). სოციალური დაცვის და საპენსიო უზრუნველყოფისათვის გამოყოფილია 2 041,0 მლნ ლარი, რაც 2014 წლის დაფინანსებას 70.4 მლნ ლარით აღემატება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში 2015 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაგეგმილია ყველა კატეგორიის პენსიონერისათვის პენსიის გაზრდა 10 ლარით. როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული მიზნით საჭიროა დამატებით 30 მლნ ლარამდე მობილიზება.

ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში წინა ვერსიასთან შედარებით გათვალისწინებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ასიგნებების ზრდა 23,7 მლნ ლარით (განისაზღვრება 638.7 მლნ ლარით). მთავრობის განმარტებით, აღნიშნული დაკავშირებულია სამინისტროს სისტემაში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნასა და მის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებასთან.

ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის დაფინანსების გაზრდას 3.0 მლნ ლარით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია დამატებით 800.0 ათასი ლარი – პრეზიდენტის ადმინისტრაცია სულ 9 800.0 მლნ ლარით დაფინანსდება. 500.0 ათასი ლარი დამატებით გათვალისწინებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის.

გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა გაზრდილია 800 ათასი ლარით და შეადგენს 854.8 მლნ ლარს. 300.0 ათასი ლარი გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის მიზნობრივი ტრანსფერისათვის, ხოლო 500 ათასი ლარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტით ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია. ასიგნებები კი, 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა.