ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადა. სადოვის თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან, პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენუკის მონაწილეობით, საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე გაიმართა.
"მე ნათლად განვაცხადე, რომ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა ამას გამორიცხავს. ამას ყველა გაგებით მოეკიდა. მე ლვოვის მოქმედი მერი გახლავართ და სრულად პასუხისმგებელი ვარ ქალაქში არსებულ სიტუაციაზე და არ ვაპირებ, ეს პასუხისმგებლობა ვინმეს გადავაბარო. მერის გადადგომის შემთხვევაში ქალაქზე კონტროლს დეპუტატები აიღებენ, რომელთა უმრავლესობა ნახევრადკრიმინალური სტრუქტურების ზეგავლენის ქვეშ არიან. ამიტომ გადადგომა ჩემი მხრიდან დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა ქალაქის მცხოვრებლების მიმართ, რომლებიც ასე მნიშვნელოვანი არიან უკრაინისთვის", - განაცხადა სადოვიმ.