სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე საგარეო უწყებას დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს

სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე საგარეო უწყებას დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, დავით კერესელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს დაუზუსტებელი და სავარაუდო ინფორმაციაა.

კერესელიძემ აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარესთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ ჰქონია.

"ჩვენ ყველას გვაქვს დავალება, რომ გაავაქტიუროთ უკრაინასთან ურთიერთობა იმ საერთო გამოწვევებიდან და ინტეგრაციული მისწრაფებიდან გამომდინარე, რომელიც ორ ქვეყანას აქვს თავის პოლიტიკაში.

ჯერ არაფერი დადასტურებული არ არის, თუმცა, თუ და ასე იქნება, არა მგონია, მაინცდამაინც პოზიტიურად აისახოს გარკვეულ ურთიერთობაზე, რადგან ელემენტარულად ის მაღალჩინოსნები და ექსპრეზიდენტი ჩვენთან მძიმე დანაშაულში არიან ბრალდებულები. მე მაინც არა მგონია, რომ ეს იყოს მართალი და ალბათ, ეს არ დადასტურდება", -განაცხადა დავით კერესელიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავოს. როგორც უკრაინული გამოცემა კყივპოსტ-ი წერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამჯერად აშშ-ში, ტაფტის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

როგორც გამოცემა წერს, საჯარო სამსახურში პროფესიონალების ნაკლებობამ, უკრაინის მთავრობა აიძულა საზღვარგარეთ ეძებოს კვალიფიციური კადრები, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ.

ამ დროისთვის უკრაინის კანონმდებლობა უცხოელებს უფლებას არ აძლევს, მთავრობაში თანამდებობები დაიკავონ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დათანხმდებიან უკრაინის მთავრობაში მუშობას, მათ უკრაინის მოქალაქეობა უნდა მიიღონ. ამასთან, ორმაგი მოქალაქეობა ნებადართული არ არის.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 27 ნოემბერს პარლამენტს მიმართა, ნება დართონ უცხოელებს მთავრობაში პოსტები დაიკავონ. გარდა ამისა, მან კანონმდებლებს თხოვნით მიმართა, წარმოადგინონ იურიდიული ინსტრუმენტები, რომლებიც უკრაინის მთავრობაში დასაქმების კანდიდატებს მიანიჭებს უკრაინის მოქალაქეობას სპეციალური დადგენილებების მეშვეობით.     

რამდენიმე დღის წინ ასევე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ საქართველოს შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, ეკატერინე ზღულაძის კანდიდატურა განიხილება; სააკაშვილის მთავრობის იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს კი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობა შესთავაზეს. იგეგმება კიდევ ერთი პოსტის - ბიზნესომბუდსმენის შექმნა, რომლის ხელმძღვანელობა საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრ ნიკოლოზ გილაურს შესთავაზეს, თუმცა, მან ამ პოსტზე უარი განაცხადა.