ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის ნიკოლოზ ყაველაშვილის განცხადებით, მოსახლეობას ლარის კურსზე მეტად ფასების ზრდა აწუხებს.
ყაველაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობაა, რაც მხოლოდ ვალუტის კურსით არ მიიღწევა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი თვლის, რომ ლარის კურსის ვარდნის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი საქართველოდან ექსპორტის შემცირებაა.
"მე რაც მონაცემები ვნახე, ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივი ინფლაციის ქვემოთაა. ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობაა და ამის მიღწევის ერთადერთი გზა, მარტო ვალუტის კურსი არაა. გარდა ამისა საგრძნობლად შემცირებულია საქართველოდან ექსპორტი. შესაბამისად, სუსტი ვალუტა ისეთი ცუდიც არაა, ის ექსპორტს ეხმარება. ექსპორტის გაზრდა კი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს ზრდის", - განაცხადა ნიკოლოზ ყაველაშვილმა.