2012 წლის შემდგომ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზირება მოვახდინეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის, - ასე პასუხობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უწყების რეფორმირებისა და მისი შემადგენლობიდან უსაფრთხოების სამსახურების გამოყოფის თაობაზე დასმულ კითხვას.
სესიაშვილის აზრით, სისტემის ტრანსფორმირების პერიოდი მომწიფებულია.
"უსაფრთხოების სექტორის განვითარება, ტრანსფორმირება, რეფორმორება თითოეული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოწვევაა. ეს არის პროცესი და თან ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ამიტომ გარკვეულ ეტაპებზე გადასვლა თავის დროს და მოცემულობას საჭიროებს. ვფიქრობ, რომ ჩვენ 2012 წლის შემდგომ გარკვეული ეტაპი გადავლახეთ და სისტემის დეპოლიტიზირება მოვახდინეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. შემდგომი ტრასფორმაციის პერიოდი ვფიქრობ, რომ მომწიფებულია. საკითხი მოითხოვს ფართო საზოგადოებრივ მსჯელობას, პოლიტიკური სპექტრის და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას. ამისთვის ხელისუფლება მზად არის – საჭიროა დავიწყოთ მსჯელობა. სიჩქარე საჭიროა ნამდვილად არ არის – ორინტირებული უნდა ვიყოთ შედეგზე და ისეთი სისტემის ფორმირებაზე, რომელიც ერთი მხრივ, ადეკვატურად უპასუხებს ყველა საფრთხეს, გამოწვევას და მეორე მხრივ, გარანტირებული იქნება ჩვენი მოქალაქეების უფლებები და ინტერესები", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.
ძალოვანი უწყებების აუცილებელ რეფორმირებაზე, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებაში იყო საუბარი. ამ საკითხზე, პარლამენტში განცხადება გასულ კვირას დავით უსუფაშვილმა გააკეთა.