ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. პრეზიდიუმის სხდომას, საერთო ჯამში, 33 დელეგატი ესწრებოდა, შედგა კვორუმი და პრეზიდიუმმა ლუკა კურტანიძე პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 33 დელეგატიდან კურტანიძის პოსტზე დარჩენას მხარი მხოლოდ ოთხმა წევრმა დაუჭირა.
პრეზიდიუმმა მხარი არ დაუჭირა არც ლუკა კურტანიძის შეთავაზებას, რომელიც ითვალისწინებდა მისი უფლებამოსილების გადაბარებას ვიცე-პრეზიდენტ ედიშერ მაჩაიძისთვის და საანგარიშო სხდომის 26 თებერვალს დანიშვნას.
სპორტის სამინისტროს განმარტებით, ედიშერ მაჩაიძისთვის უფლებამოსილების გადაბარება გამორიცხულია, რადგან წესდება ამგვარ ფორმულირებას არ ითვალისწინებს.
სხდომაზე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის თარიღად 26 დეკემბერი დადგინდა. ხოლო მანამდე ფედერაციას სამკაციანი ჯგუფი უხელმძღვანელებს, რომელშიც რომან რურუა, დიმიტრი გელაშვილი და გიორგი ლომიძე შედიან.
პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენის სავარაუდო ვადა 5-20 დეკემბერი იქნება. სხდომაზე მცირე დაძაბულობას ჰქონდა ადგილი.
სხდომას სოსო ჯაჭვლიანი დაესწრო. მისი სიტყვით გამოსვლისას შეხლა-შემოხლა მოხდა, თუმცა დაძაბულობა მალევე განიმუხტა.