ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პრეზიდენტი პარლამენტს ნიკოლოზ ყაველაშვილს წარუდგენს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პრეზიდენტი პარლამენტს ნიკოლოზ ყაველაშვილს წარუდგენს

პრეზიდენტის მრჩევლის ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ყაველაშვილი იმ 5 კანდიდატისგან შეირჩა, რომლებიც პრეზიდენტს ეკონომიკის ექსპერტებმა 24 ნოემბერს წარუდგინეს.

მისივე თმით, ყაველაშვილს საკმაოდ შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს და პრეზიდენტი თვლის, რომ ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისთვის ღირსეული კანდიდატია.

„ნიკოლოზ ყაველაშვილი ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა. ის ამავე დროს გახლავთ პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ მსხვილ საინვესტიციო ფონდს საქართველოში და იყო ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატს პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარუდგენს.

გიორგი მარგველაშვილს ეკონომიკის ექსპერტებმა ნიკოლოზ ყაველაშვილთან ერთად, საბჭოს წევრობის კანდიდატებად წარსადგენად ემზარ ჯგერენაია, ლევან კალანდაძე, გიორგი ბაქრაძე და მერაბ კაკულია შესთავაზეს.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭო ბანკის უმაღლესი ორგანოა. საბჭოში 1 ადგილი ვაკანტური 2015 წლის პირველი იანვრიდან ხდება. საბჭო სულ 7 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 7 წლის ვადით ამტკიცებს.