საკრებულოს წევრებზე რვა თვის განმავლობაში 1 247 206 ლარის პრემია გაიცა

საკრებულოს წევრებზე რვა თვის განმავლობაში 1 247 206 ლარის პრემია გაიცა

IDFI-ის ინფორმაციით, 2013 წლის 1 ნოემბერიდან - 2014 წლის ივნისის ჩათვლით თბილისის საკრებულოს წევრებზე 1 247 206 ლარის პრემია გაიცა. აღნიშნულ რვა თვეში საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 54 516 ლარი, გიორგი მუსხელიშვილს - 45 430 ლარი, გიორგი ტყემალაძეს და ჯაბა სამუშიას - თითოეულს 43 890 ლარი. საკრებულოს სხვა წევრების მიერ მიღებული პრემიების ოდენობა უმრავლეს შემთხვევაში ასევე არ ჩამოუვარდება 40 000 ლარს.

IDFI-ის ცნობით რვა თვეში გაცემული პრემიის თანხა თითქმის სამჯერ მეტია 2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში საკრებულოს წევრებზე გაცემული პრემიების ოდენობაზე (439 276 ლარი).

რაც შეეხება 2014 წლის ივნისის შემდეგ არსებულ სიტუაციას, IDFI აღნიშნავს რომ ახალი საკრებულოს მოწვევის პირობებში საკრებულოს წევრებზე პრემიები აღარ გაიცემა, ხოლო აპარატის თანამშრომელთა წახალისების პრაქტიკაც მნიშვნელოვნად შემცირებულია და 2014 წლის ივლისი-ნოემბრის პერიოდში აპარატის თანამშრომლებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 271 390 ლარი.

"2014 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში არაგეგმიურად გაცემული მაღალი ოდენობის პრემიებმა, გამოიწვია თბილისის ბიუჯეტის პროექტით შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხების მნიშვნელოვანი გაზრდა - 2014 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით თბილისის საკრებულოს შრომის ანაზღაურების გეგმამ უკვე შეადგინა 8 338 000 ლარი. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თბილისის საკრებულოს შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული იყო 6 959 000 ლარი, საიდანაც 2014 წლის საწყისი ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიებზე ათვისებულია 3 487 270 ლარი.

ამასთან, IDFI დაინტერესდა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა მიიღო თუ არა პრემია ახალ თანამდებობაზე. ამ დრომდე არსებული მონაცემებით, შიხიაშვილს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პრემია ან დანამატი არ მიუღია. ირაკლი შიხიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე სამი თვის წინ დაინიშნა.