პურ-პროდუქტების მწარმოებლები პურის გაძვირებას არ ვარაუდობენ

პურ-პროდუქტების მწარმოებლები პურის გაძვირებას არ ვარაუდობენ

პურ-პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები პურზე ფასის მატებას არ ვარაუდობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა, ფქვილის მარაგები არის და შესაბამისად, ფასზე მატება ამ დროისთვის არ არის ნავარაუდევი.

"რაც იყო ფქვილის ფასი ფაქტობრივად არ შეცვლილა. ჯერჯერობით არ არის ნავარაუდევი ფასის მატება. 50 კილოგრამიანი ტომრის ფასი იგივეა და 36-37 ლარს შეადგენს. მარაგები არის. კონკურენციაა და ფასი სტაბილურია", - განაცხადა დოლიძემ.

მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან სილაგავას თქმით კი, ლარის გაუფასურებამ, რუსეთში ხორბლის გაძვირებამ და სხვა პროცესებმა ცუდად იმოქმედა, თუმცა პურის ფასის გაძვირება ამ დროისთვის არ მომხდარა.

"წინაპირობა არ არის, რომ პურის ფასი გაძვირდეს. ფქვილიდან გამომდინარე არ არის ფასის მატება ნავარაუდევი. ხორბალი გაძვირდა. 1 ტონა გახდა 280 დოლარი. რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მცურავი ფასის დაწესებას აპირებენ, რადგან ხორბალი დარჩეს ქვეყანში და შეინარჩუნონ. აქედან გამომდინარე, ფასმა მოიმატა. მარაგები გვაქვს 2 თვის. ეს რყევები დიდად არ შეეხება პურს. 2 თვის შემდეგ რა იქნება, ეგ ამ მიმართულებით საერთაშორისო პროცესებთან არის დამოკიდებული", - განაცხადა სილაგავას.

მისივე თქმით, ფქვილის მიმდინარე ფასი, 35-36 ლარი არ არის ის ფასი, რომლითაც შეიძლება პურის ფასმა მოიმატოს. სილაგავას განმარტებით, პურის ფასი იმატებს დაახლოებით 45 ლარზე, ამ ნიშნულამდე კი დიდი ფორაა.

გარდა ამისა, სილაგავა კიდევ ერთ პრობლემად მიიჩნევს დღგ-ს გადახდის წესის გაუქმებას.

"ადრე იყო დღგ-ს გადახდის წესი იმპორტზე. 200 000-ზე მეტი ვისაც ქონდა ბრუნვა, შეეძლო რეალიზაციის დროს გადაეხადა დღგ. წისქვილკომბინატებს საშუალება ჰქონდათ, რომ ხორბალი შემოეტანათ იმ პერიოდში როდესაც ფასი დაბალია, ხორბალი დაებინავებინათ და დღგ გადაეხადათ რეალიზაციის შემდეგ. იქმნებოდა 3-4 თვის მარაგი და გაძვირების პერიოდში იყო დაბალანსებული ფასი. ამ წესის გაუქმებამ ჩვენზე ცუდად იმოქმედა და ეს დაეტყობა ბაზარს აუცილებლად. ჩვენ მყისიერად გვიხდება დღგ-ს გადახდა და ფინანსური რესურსი, რაც იყო ამოღებულია ბრუნვიდან. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელს ტყემალაძეს მივმართეთ, რომ ძველი წესი დაბრუნდეს. მოტივაცია იყო, რომ ადგილობრივი წარმოება არ დაიჩაგროს, ამას შეიძლება დავეთანხმოთ მაგრამ არა ჩვენი ჩაგვრის პირობებში", - განაცხადა სილაგავამ.

ბოლო ორი დღეა, საქართველოში საკვები პროდუქტები გაძვირდა, რასაც ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირებენ.