ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მღვდელ თეოდორე გიგნაძეს უპირისპირდება

ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მღვდელ თეოდორე გიგნაძეს უპირისპირდება

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მართლმადიდებელ მღვდელმსახურს, დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს და სტუდენტთა ნაწილს დაუპირისპირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სტუდენტები ავრცელებენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების თხოვნით და თვითმმართველობის ინიციატივით უკვე დაწყებული იყო შეხვედრების ციკლი  - „მე ვარ ჭეშმარიტება". ლექციათა ციკლი რელიგიურ თემატიკაზე ერთი წლის განმავლობაში დეკანოზ თეოდერე გიგნაძეს უნდა ჩაეტარებინა. ასეთი გახლდათ თვითმმართველობის და უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას შეთანხმება. შეხვედრების გამართვა თვეში ერთხელ იყო დაგეგმილი.

სტუდენტების თქმით, პირველმა შეხვედრამ, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გაიმართა, დიდი ინტერესით ჩაიარა. თუმცა, მოულოდნელად, მორიგი შეხვედრა უკვე რექტორატის გადაწყვეტილებით გაუქმებულია.

„როდესაც მოვიდა მეორე შეხვედრის დრო, უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ დაიბარა თვითმმართველობის წევრები და მოსთხოვა, რომ შეხვედრების ციკლი შეწყვეტილიყო, მიზეზად კი სხვა სტუდენტების უფლებების შელახვა დაასახელა. ეს მიზეზი აბსურდია, რადგან დასწრება შეხვედრებზე ნებაყოფლობითია და თავისუფალი. გარდა ამისა, უნივერსიტეტის რექტორი სხვა რელიგიებს აშკარად სწყალობს და თითქოს ტოლერანტულია. სამწუხაროდ, იკვეთება, რომ ჩვენს რექტორს ამოჩემებული ჰყავს მართლმადიდებელი ეკლესია", - აცხადებენ უნივერსიტეტის სტუდენტები.