ეროსი კიწმარიშვილის ძმა და ადვოკატები თბილისის პროკურორს შეხვდებიან

ეროსი კიწმარიშვილის ძმა და ადვოკატები თბილისის პროკურორს შეხვდებიან

ეროსი კიწმარიშვილის ძმა და ადვოკატები თბილისის პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს შეხვდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მასალების გაცნობის შემდეგ, ოჯახმა სამართლებრივი ანალიზი უკვე მოამზადა, რომელიც 20-მდე საკითხისგან შედგება,

"ანალიზი მოვამზადეთ და ჩამოვწერეთ დაახლოებით 20-მდე პუნქტი, რომელზეც კითხვის ნიშნები არსებობს. სწორედ ამ საკითხებზე მოხდება საუბარი საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან, რომელსაც ხელმძღვანელიც დაესწრება. იმედი გვაქვს, ჩვენს შეკითხვებს პასუხები გაეცემა. ამ შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებაც გახდეს საჭირო. ამის შემდეგ, კი პროკურატურა გამოძიების პირველად სურათს გაასაჯაროებს", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

მისი თქმით, ჯერ უცნობია როდის გაიმართება ქალაქის პროკურატურაში შეხვედრა, თუმცა მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

პროკურატურის მიერ, გამოძიების პირველადი სურათის წარმოდგენის შემდეგ კი, როგორც ზურაბ კიწმარიშვილმა აღნიშნა, გარდაცვლილის ოჯახი განცხადებას გააკეთებს.

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე გამოძიება ამ დრომდე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის ოჯახი აღნიშნულ ვერსიას არ ეთანხმება. ოჯახი დაზარალებულის სტატუსს საგამოძიებო მუხლიდან გამომდინარე არ ატარებს, თუმცა პროკურატურამ მას მისცა უფლება, საქმის მასალებს გასცნობოდა.

შვიდტომიანი საქმის მასალებს ადვოკატებთან და ექსპერტებთან ერთად, ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი ქალაქის მთავარ პროკურატურაში სწავლობდა.

ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფარეხში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი მიმდინარე წლის 15 ივლისს იპოვეს.