„მეც მაქვს კითხვები, რატომ ჭიანურდება ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიება“

„მეც მაქვს კითხვები, რატომ ჭიანურდება ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიება“

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს იმედი აქვს, რომ სახალხო დამცველის ანგარიში გამოძიების დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ იმერლიშვილმა „თბილისი მარიოტში“ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„გარკვეულწილად მეც მაქვს კითხვები, რატომ ჭიანურდება ამდენ ხანს გამოძიება, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელმა თქვა, რომ აღნიშნულ ანგარიშს დეტალურად გაეცნობიან და თუ იქნება შესაძლებლობა, საქმეს ანგარიში მტკიცებულებად დაერთვება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ანგარიში ხელს შეუწყობს გამოძიების ღიად და დროულად წარმართვას, ვინაიდან აღნიშნული საქმე არის გრიფით საიდუმლო, პროკურატურა ყველა დეტალზე ვერ საუბრობს, ვერ საუბრობს იმაზე, თუ რატომ გრძელდება ამდენ ხანს გამოძიება, თუმცა მეც მაქვს შეკითხვები და ვთხოვ მთავარ პროკურატურას, რომ რაც შეიძლება სწრაფად, იმ ფარგლებში რასაც გამოძიება მოითხოვს, შუალედური ანგარიში მაინც იყოს ხოლმე წარმოდგენილი იმაზე, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, როგორ მიმდინარეობს, ვინაიდან არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი“, - განაცხადა იმერლიშვილმა.

მისივე თქმით, თავის დროზე ამ საქმეზე გრიფის დადება აუცილებელი იყო. როგორც იმერლიშვილმა აღნიშნა, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუ რა ნაწილზე უნდა მოიხსნას გრიფი და რაზე უნდა დარჩეს, რადგან საგამოძიებო მასალებს არ იცნობს.