ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება მთავარ პროკურატურას უნდა დაექვემდებაროს

ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება მთავარ პროკურატურას უნდა დაექვემდებაროს

ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მიუხედავად საზოგადოების მაღალი ინტერესისა, გამოძიება კვლავ დუმილს ინარჩუნებს. არსებობს გარკვეული ვარაუდი, რომ გამოძიება არ არის ობიექტური, - ამის შესახებ საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა ლია მუხაშავრიამ სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ გამოძიების წარმართვა ღიად და საჯაროდ მოხდეს.

"ჩვენი საბჭოს მუშაობის დროს მოპოვებული მასალა სრულად არის ანგარიშში აღწერილი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ თვითონ საბჭოსთვის და სახალხო დამცველისათვის დარჩა კონფიდენციალური და აუხსნელი, მიუხედავად საზოგადოებრივი მაღალი ინტერესისა, გამოძიება კვლავ დუმილს ინარჩუნებს. არსებობს გარკვეული ვარაუდი, რომ გამოძიება არ არის ობიექტური და მიუკერძოებელი, იმიტომ, რომ ინსტიტუციურად ის კვლავ არის შს უწყების ქვეშ. ის არ შეიძლება იძიებდეს საკუთარი ოპერაციის შედეგებს", - განაცხადა მუხაშავრიამ.

მისივე თქმით, საკითხის მოსაგვარებლად სახალხო დამცველი და საზოგადოებრივი საბჭო აპირებს პარლამენტს მიმართოს.

"საკითხის ასე რადიკალურად დაყენებით და სახალხო დამცველის მეშვეობით, ჩვენ ვფიქრობთ გავააქტიურებთ გამოძიებას და მივაღწევთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა ოპერაცია ჩატარდა. პარლამენტს მივმართავთ, რათა საკომიტეტო განხილვების საკითხად აქციოს თემა და გამოძიება დაექვემდებაროს მთავარ პროკურატურას", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.