პროკურატურის კვლევით, ოჯახური დანაშაული ყველაზე ხშირად სახლში 18:00-დან 00:00 საათის პერიოდში ხდება

პროკურატურის კვლევით, ოჯახური დანაშაული ყველაზე ხშირად სახლში 18:00-დან 00:00 საათის პერიოდში ხდება

ამასთან, პროკურატურის კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად ოჯახური დანაშაულის იარაღად ფიზიკური ძალადობაა გამოყენებული და ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ნაკლებად ხდება.

როგორც პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა.

„კერძოდ, ასეთი კატეგორიის დანაშაულებები ძირითადად ხდება თბილისში, ასევე გამოვარკვიეთ, რომ მომართვიანობის პრობლემა გვაქვს რეგიონებში, განსაკუთრებით, აჭარის რეგიონში. აუცილებელია იმგვარი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც საზოგადოების ცნობიერებას აამაღლებს. ასევე გამოვარკვიეთ, რომ ყველაზე ხშირად დანაშაულის იარაღად ფიზიკური ზემოქმედების ზომების გამოყენება ხდება, ნაკლებად ხდება ცივი იარაღისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კვლევის ფარგლებში მოძალადეებისა და მსხვერპლის გარკვეული ასაკობრივი ჯგუფები გამოიკვეთა.

„გამოიკვეთა ასევე, რომ ძირითადი პრობლემაა ის, რომ მოძალადეები არიან უმუშევრები. ის, რომ ძირითადად ადამიანები დანაშაულს 18:00-დან 00:00 საათამდე ჩადიან, როდესაც ისინი სახლში იმყოფებიან. გამოიკვეთა ასევე, რომ ყველაზე ხშირად ოჯახური დანაშაულის ჩადენის ადგილი არის სახლი, სადაც წესით ადამიანი რელაქსაციას უნდა განიცდიდეს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, კონფერენციაზე მოუწოდეს დამსწრე საზოგადოებას - არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფო ფონდების წარმომადგენლებს, სამეცნიერო წრეებს, რომ ამ მიმართულებით ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების ცნობიერები ამაღლებაში საინფორმაციო ბუკტელების დამზადების გზით.

„უთხრან ამ ადამიანებს, რომ რაც შეიძლება ხშირად მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს, რათა ჩავატაროთ დროული და ეფექტური გამოძიება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.