შესაძლოა, ლაფანყურის სპეცოპერაციისას სამართალდამცავთა მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენება გამოიკვეთოს

შესაძლოა, ლაფანყურის სპეცოპერაციისას სამართალდამცავთა მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენება გამოიკვეთოს

საქართველოს სახალხო დამცველისათვის გადაცემული მასალების შესწავლა ცხადყოფს, რომ შესაძლოა, იკვეთებოდეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები.

ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატმა და სახალხო დამცველთან შექმნილმა საზოგადოებრივმა საბჭომ გამოკვეთა საკითხები, რაზეც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

"ჩვენ გადავამოწმეთ არაერთი ფაქტი. რეალურად ჩვენი მიზანი იყო, მოგვეხდინა კონკრეტული ფაქტების დოკუმენტირება. ჩვენ არ გაქვს კონკრეტული ვერსია, თუ რა მოხდა ორი წლის წინ ლოპოტაში, ეს არის შს სამინსიტროს და პროკურატურის ფუნქცია, მაგრამ კონკრეტულ დასკვნებამდე მივედით. თუნდაც ის, თუ რატომ განსხვავდება უკანონო შეიარაღებული ჯგუფის გარდაცვლილი წევრების რაოდენობის შესახებ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია (11 პირის შესახებ) ამჟამად არსებული მონაცემებისგან, რომელიც 7 პირია. თუნდაც ის, რომ შეიარაღებული ჯგუფი არ შემოსულა ჩრდიელოთ კავკასიიდან, დადასტურებულია. ასევე კითხვებს ბადებს, რატომ ასაიდუმლოებდა საქართველოს ხელისუფლება უკანონო შეიარაღებულ ჯგუფის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნას, მაშინ როცა დადასტურებულია, რომ სპეცოპარციის ჩატარებამდე სამართალდაცავი ორგანოებისთვის ცნობილი იყო ჯგუფის წევრების უმრავლესობის ვინაობა", - განაცხა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენის თქმით, პარლამენტს მიმართავს, რათა ხელახლა დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა.

"ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რათა საკანონმდებლო ორგანომ პროკურატურას მიმართოს, დაიწყონ გამოძიება. პროკურატურა დღემდე არ ასრულებს პარლამენტის ორ დადგენილებას, რომელიც ამ საქმის გამოძიებას ეხებოდა. კვალიფიკაცია კვლავ არ არის შეცვლილი და გამოძიება მხოლოდ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით მიმდინარეობს და არა იმ შესაძლო დანაშაულებებზე, რომელთა რეალურად ადგილი ჰქონდა ლოპოტას ხეობაში", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს მიერ სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ანგარიში 100 გვერდიანია.