დიმიტრი როგოზინი მოლდოვას ინტეგრაციის კურსზე დაფიქრებისკენ მოუწოდებს

დიმიტრი როგოზინი მოლდოვას ინტეგრაციის კურსზე დაფიქრებისკენ მოუწოდებს

რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი მოლდოვას საკუთარი კურსის სისწორეზე დაფიქრებისკენ მოუწოდებს. როგოზინი twitter-ში მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უხმაურება, რომელმაც როგოზინის აზრით, ქვეყანა ინტეგრაციული კურსის შეცვლაზე უნდა დააფიქროს.

"დაუმატეთ ამას არჩევნების წინა დღეს კენჭისყრიდან მოხსნილი "პატრიას" მომხრეები, პლიუს 700 000 მოლდოველი შრომითი მიგრანტი რუსეთში, რომლებსაც კიშინიოვის ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცა და თქვენ ნახავთ რეალურ წონას ევროინტეგრანტებისას ამ ქვეყანაში. კიშინიოვს მართებს დაფიქრება: სწორი გზით მიდიხართ კი, მეგობრებო? იმაზე აღარ ვლაპარაკობ, ვის მისცემდა ხმას დნესტრისპირეთის 500 000 მცხოვრები, ამ არჩევნებს თავისად რომ თვლიდნენ", - წერს როგოზინი.

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. ძირითადი ბრძოლა იმ ძალებს, რომლებიც პროევროპული ალიანსს ქმნიან (ლიბერალ-დემოკრატები, დემოკრატიული პარტია) და ოპოზიციურ მემარცხენე პარტიებს (სოციალისტები და კომუნისტები) შორის მიმდინარეობს. მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 88,23%. წინასწარი შედეგებით, პირველ ადგილზეა იგორ დოდონის "სოციალისტურ პარტია", 21,48%-ით; მეორე ადგილს იკავებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვლად ფილატის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია - 19,41%-ით; მესამე ადგილზეა კომუნისტური პარტია, რომელსაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეთა 17,84%-მა დაუჭირა მხარი. ხმათა 15,74% დააგროვა მოლდოვას დემოკრატიულმა პარტიამ. 6%-იანი ბარიერი ასევე გადალახა ლიბერალურმა პარტიამ, რომელსაც არცევნებში მონაწილეთა 9,41%-მა დაუჭირა მხარი.