საქართველო გერმანიის ენერგეტიკული უზრუნველყოფის სტაბილურობის ახალი ნავსაყუდელი გახდება

საქართველო გერმანიის ენერგეტიკული უზრუნველყოფის სტაბილურობის ახალი ნავსაყუდელი გახდება

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, ჩარლზ ჰუბერი აცხადებს, რომ საქართველო გერმანიის ენერგეტიკული უზრუნველყოფის სტაბილურობის ახალი ნავსაყუდელი გახდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამის შესახებ ჩარლზ ჰუბერის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

როგორც ჰუბერი აცხადებს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პირველადი ენერგომოხმარების 22%-ზე მეტს შეადგენს გაზი. მომდევნო ათწლეულებშიც გაზი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გერმანიის ენერგოუზრუნველყოფაში.

"აქედან 88% არის იმპორტირებული გაზი. გაზი სხვა ფოსილურ ენერგომატარებლებთან შედარებით ეკოლოგიურად სუფთაა, ვინაიდან ნაკლებ ნახშირორჟანგის ემისიას განაპირობებს.

იმის გამო, რომ გერმანია ძლიერად არის დამოკიდებული იმპორტზე, გაზმომარაგების უსაფრთხოება გერმანიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. Southern Gas Corridor (SGC)-ი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მილსადენს (SCPX) ტრანსანატოლიური (TANAP) და ტრანსადრიატიკის მილსადენებით (TAP) განავრცობს და რომლითაც გაზი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით იტალიას მიეწოდება, მომავალში გერმანიის ენერგობაზარსაც განტვირთავს. იტალია ამ შემთხვევაში ევროპული გაზმომარაგების ქსელის სახელმწიფოებისათვის გამანაწილებელი სახელმწიფოს ფუნქციას შეასრულებს", - ნათქვამია პრესრელიზში.

ბუნდესტაგის წევრი მიიჩნევს, რომ კასპიის ზღვის აუზის გაზის მოპოვება ევროპის ენერგობაზრის დივერსიფიცირებას შეუწყობს ხელს და შეამცირებს ცალკეულ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულებას და ეს მოხდება გერმანელი მომხმარებლის სასარგებლოდ"

პოლიტიკოსს არ აკვირვებს ის ფაქტი, რომ გაზსადენი, წარმოშობის ქვეყანა აზერბაიჯანიდან, სწორედ საქართველოზე გაივლის.

"საქართველომ მისი დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში წარმატებული პოლიტიკური ტრანსფორმაცია განიცადა და ამით საერთაშორისო ასპარეზზე საიმედო პარტნიორის სტატუსი დაიმკვიდრა.

45 მილიარდ დოლარად შეფასებული გაერთიანებული პროექტი Southern Gas Corridor (SGC) 2019 წლისთვის უნდა განხორციელდეს. მილსადენის საერთო სიგრძე 3500 კილომეტრს შეადგენს. ეკონომიკისა და ექსპორტის კონტროლის ფედერალური სამსახურის მონაცემებით 2012 წელს გაზის იმპორტი შემდეგნაირად გადანაწილდა: 38,2% - რუსეთი, 34,8% - ნორვეგია, 22,4% - ნიდერლანდები, 4,6% - სხვა ქვეყნები. 2019 წლიდან გაზმომარაგება აზერბაიჯანიდან დამატებით გაიზრდება და სავარაუდოდ დაახლოებით ევროპული მოთხოვნის 20%-ს დაფარავს.

მიუხედავად ამისა, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში გაზის მოპოვება არ კარგავს აქტუალობას. შეთანხმება საბერძნეთსა და თურქეთს შორის კვიპროსის კონფლიქტთან დაკავშირებით აუცილებელია და ამ საკითხში ევროკავშირის შუამავლობა სასურველია.

გრძელვადიანად ირანიც არ უნდა დავივიწყოთ, ვინაიდან "თუ ირანი ევროკავშირში გაზს შეიტანს, კარტები ხელახლა გადანაწილდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.