დანელიასთვის „ქართუ დაზღვევის“ მიერ აგროდაზღვევის პროექტიდან გასვლის მიზეზები უცნობია

დანელიასთვის „ქართუ დაზღვევის“ მიერ აგროდაზღვევის პროექტიდან გასვლის მიზეზები უცნობია

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, არ შეიძლება აღნიშნული პროექტი შეფასდეს როგორც ხარვეზებიანი, რადგან გაცემულია 18 ათასი პოლისი, როცა აქამდე აგროდაზღვევა არ არსებობდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელმაც „ქართუ დაზღვევის“ პოზიცია გააჟღერა და აღნიშნა, რომ „მათთვის გაუგებარია რას აზღვევენ“, დანელიამ ივარაუდა, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა ამ შემთხვევაში ალბათ, იხუმრეს.

„ძალიან კარგად ხვდება ყველა რას აკეთებს, ეს სავარაუდოდ, ხუმრობა იყო. აღნიშნული პროექტი მართლა ძალიან სერიოზულია. ჩამოყვანილი გვყავდა უკრაინელი ექსპერტი. კონსულტაციები ყველგან გავიარეთ, სადაც კი შეიძლებოდა. ძალიან ბევრი ქვეყნის დაზღვევის პროექტი ავიღეთ და გავაკეთეთ ქართული მოდელი, რომელმაც პრაქტიკაში ძალიან კარგად იმუშავა. ერთადერთი, რასაც მომავალ წელს ალბათ, გადავხედავთ, პირობებია, რათა ის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. როგორ შეიძლება ეს პროექტი შეფასდეს, როგორც ხარვეზებით მომუშავე პროექტი, როცა გაცემულია 18 ათასი პოლისი და აქამდე იყო ნული“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

კითხვაზე, რა მიზეზით დატოვა „ქართუ დაზღვევამ“ პროექტი, დანელიამ ამის გარკვევა ჟურნალისტებს უშუალოდ კომპანიაში ურჩია. რაც შეეხება „ქართუ დაზღვევის“ ბენეფიციარებს, სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ისინი პროექტში მონაწილე სხვა სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარები გახდებიან.

„ეს ასე ხდება ხოლმე. ეს ჯანსაღი პროცესია. თუ ვიღაც თამაშიდან გადის, ვიღაც შემოდის“, - განაცხადა დანელიამ.